კორონავირუსი საქართველოში

ხუნდაძე ASTRAZENECA-თი აცრის შეფერხებაზე: პრემიერმა საკმაოდ მკაცრად დააყენა საკითხი

"პრემიერის მხრიდან საკმაოდ მკაცრად იყო საკითხი დაყენებული". – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შეფერხებაზე. 

"გარკვეული ხარვეზები იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, იყო ლოჯისტიკური პრობლემები. მე თავის სამართლებლად არ მოვიყვან UNICEF-ის წარმომადგენლების შეფასებას, რომ ისინი თვლიან, აქ, ძირითადი ხარვეზი იყო მწარმოებლის, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერის მხრიდან საკმაოდ მკაცრად იყო დაყენებული საკითხი და დავალება გაცემული, რომ იქნას დადგენილი, სად იყო ხარვეზი და მსგავსი არ განმეორდეს". – ამბობს ხუნდაძე პარლამენტში. 

ათობით მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, წერს, რომ მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებს. გუშინ, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

"ყველა, ვინც არის ვაქცინირებული, თავის დოზას აუცილებლად მიიღებს". - ამბობენ NCDC-ში, თუმცა ვერ ხსნიან, რატომ არეგისტრირებდა სისტემა მეორე დოზით აცრისთვის მოქალაქეებს, თუ ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზები ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.

კომენტარები