ევროპული საქართველო

ნავალნის მხარდამჭერ რუს ბიზნესმენს საქართველოდან რუსეთში ექსტრადირება ემუქრება

სერგეი ბოკარევი და მალხაზ პატარაია
ევროპული საქართველო

რუს ბიზნესმენ სერგეი ბოკარევს, რომელიც ალექსეი ნავალნის ორგანიზაციას აფინანსებდა, რუსეთში ექსტრადირება ემუქრება.

სერგეი ბოკარევმა ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას, თქმით, სერგეი ბოკარევმა ფინანსურად ღიად დაუჭირა მხარი ალექსეი ნავალნის ორგანიზაციას. მან ასევე საჯარო პოზიცია გამოხატა უკრაინისა და საქართველოს რუსეთთან საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ. ფერმერთა ასოციაციის შეკრებაზე ბოკარევმა გუბერნატორის თანდასწრებით გააკრიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის ფასს, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შედეგად, ჩვეულებრივი მოქალაქეები იხდიან. ამის შემდეგ კი ბოკარევის დევნა დაიწყო.

"არ არის მოულოდნელი, რომ მთავრობის მითითებით ამას მოჰყვა ფინანსური პრობლემები მის ბიზნესში. შემდეგ მოწოდება, რომ საჯაროდ უარეყო თავისი პოზიცია და შეერთებოდა ერთიანი რუსეთის მხარდამჭერთა საერთო კოლექტივს. მისგან მაგალითის შექმნა უნდოდათ, როგორ განუდგა "ცუდ" პოზიციებს და როგორ დადგა "სწორ" პოზიციაზე". – ამბობს გიგა ბოკერია.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ბოკარევის შესაძლო ექსტრადირებას ამართლებს დოკუმენტით, რომელშიც თავმოყრილია საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებები რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაზე.

"როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები წერენ მოხსენებებს, ხშირად, მთავარ კრიტიკასთან ერთად, რაღაც საკითხები პოზიტიურადაა შეფასებული.[...] ჩვენმა მთავრობამ ამოკრიბა საერთაშორისო ორგანიზაციების უაღრესად კრიტიკული შეფასებებიდან პოზიტიური მონაკვეთები და ამაზე დაყრდნობით ამართლებს იმას, რომ პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული ადამიანი, რომელმაც გამოიჩინა პრინციპულობა და არ შეიცვალა პოზიცია, უნდა გადაეცეს პუტინის რუსეთის ხელში". – ამბობს ბოკერია.

თავად ბოკარევი ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას 99.8%-იანი შანსი აქვს, რომ სასამართლო გაამტყუნებს და 10 წლამდე პატიმრობას მიუსჯის. ციხეში კი მას წამება, ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და მისი სიცოცხლე საფრთხეში იქნება.

სერგეი ბოკარევი საქართველოში 2018 წელს ჩამოვიდა. რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე ის დააკავეს, რის შემდეგაც ბოკარევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაზეც უწყებამ უარი უთხრა. სერგეი ბოკარევის ადვოკატი, მალხაზ პატარია, ამბობს, რომ სამართლებრივად ქართულმა სახელმწიფომ ბიზნესმენს თავშესაფარი უნდა მისცეს. ადვოკატის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა შსს-ს უარი და საკითხი ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა, თუმცა შსს-მ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლო საქმეს ხვალ, 22 ივნისს განიხილავს. გიგა ბოკერიას თქმით, სააპელაციო სასამართლოში მარცხის შემთხვევაში სერგეი ბოკარევს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება

კომენტარები