კულტურის სამინისტრო

ირაკლი კაკაბაძის ინიციატივით, წულუკიანი ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აფუძნებს

Facebook/ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

პოეტ ირაკლი კაკაბაძის ინიციატივით, კულტურის სამინისტრო პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აარსებს. - თქვა 18 ივნისს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე. 

თეა წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტრომ გაიზიარა პოეტ ზურაბ რთველიაშვილის თანამებრძოლი მწერლის, ირაკლი კაკაბაძის ინიციატივა და გადაწყვიტა, რომ კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით საქართველოში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდეს. 

მინისტრის ცნობით, პირველი ასეთი ფესტივალი წელს შემოდგომაზე ჩატარდება და კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული პრემია გამარჯვებულ ხელოვანს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, 16 ოქტომბერს გადაეცემა. 

"2012 წლამდე, ზურაბ რთველიაშვილი ლექსითა და პერფორმანსით ებრძოდა უსამართლობასა და ხელისუფლების მიერ ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მის ხელოვნებასა და ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ხელოვნება ყველა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუმარცხებელია". – თქვა თეა წულუკიანმა. 

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი 20 აპრილს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას. 

კომენტარები