კოკა-კოლა

უეფას მიმართვა ფეხბურთელებს: შეწყვიტეთ სპონსორების ბოთლების გადაადგილება

უეფას ადმინისტრაცია Euro 2020-ში მონაწილე საფეხბურთო კლუბებსა და სპორტსმენებს თხოვნით მიმართავს, რომ შეწყვიტონ სტრატეგიულად განთავსებული სპონსორი კომპანიების ბოთლების გადაადგილება. 

"წესების დაცვა აუცილებელია, რადგან სპონსორი კომპანიების შემოსავლები მნიშვნელოვანია აღნიშნული ტურნირისა და ევროპული ფეხბურთისათვის". – თქვა ტურნირის ხელმძღვანელმა, მარტინ კალენმა. 

უეფას მიმართვა კრიშტიანუ რონალდუს მოქმედებით გამოწვეულ მოვლენებს უკავშირდება, კერძოდ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე კოკა-კოლის ბოთლები გადადო და მის ნაცვლად წლის ბოთლი დადგა. 

რონალდუს მიბაძეს პოლ პოგბამ და მანუელ ლოკატელიმაც. რამდენიმე დღეში კოკა-კოლისა და ჰაინეკენის ბოთლების გადაადგილება პრესკონფერენციის დროს გახშირებულ მოვლენად იქცა.

რონალდუს ქმედებას კოკა-კოლის აქციების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 6 მილიარდი დოლარით შემცირდა

ზუსტი მონაცემები ცნობილი არ არის, თუმცა უეფა ტოპ 10 დამფინანსებლიდან თითქმის 600 მილიონ დოლარს იღებს. კოკა-კოლა და ჰაინეკენი კი Euro 2020-ის მთავარი სპონსორები არიან. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ცნობილ სახეებს დიდი გავლენა აქვთ როგორც მომხმარებლებზე, ასევე საფონდო ბირჟებზე. მათი მხრიდან ნეგატიური შეფასება ან ქმედება, როგორც წესი, აქციების ფასებზე შესაბამისად აისახება ხოლმე.
 

კომენტარები