ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

"ეს ადამიანი შეგნებულად მიდიოდა დაკავებაზე" – პუტინმა ნავალნი სახელით კვლავ არ მოიხსენია

ვლადიმირ პუტინი
CNN

ჟენევაში, ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტს რუსეთში ოპოზიციისა და ალექსეი ნავალნის დევნაზე დაუსვეს კითხვა. ალექსეი ნავალნიზე საუბრისას პუტინს პოლიტიკოსის სახელი არ უთქვამს და "ადამიანად" და "ბატონად" მოიხსენიებდა.

"რაც შეეხება ჩვენს უსისტემო ოპოზიციას და ბატონს, რომელიც ახსენეთ. პირველი: ამ ადამიანმა იცოდა, რომ არღვევს რუსეთის მოქმედ კანონს. ის ვალდებული იყო, აღრიცხულიყო როგორც ორჯერ ნასამართლები. შეგნებულად, ამას მინდა ხაზი გავუსვა, კანონის ამ მოთხოვნის იგნორირებით, ამ ბატონმა ქვეყანა დატოვა სამკურნალოდ, მას არ ითხოვდნენ ხელისუფლების ორგანოები რეგისტრაციაზე. როგორც კი მან დატოვა საავადმყოფო და განათავსა თავისი სიუჟეტები ინტერნეტში, გაჩნდა ასეთი მოთხოვნა. ის არ გამოცხადდა, უგულებელყო კანონის მოთხოვნა, ის გამოაცხადეს ძებნაში. მან ეს იცოდა, ჩამოვიდა და მე აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მას სურდა, შეგნებულად მიდიოდა იმაზე, რომ დაეკავებინათ. მან ეს გააკეთა, მას ეს უნდოდა. ამიტომ რა არის აქ სალაპარაკო". – თქვა ვლადიმირ პუტინმა.   

ჟენევაში პუტინის და ბაიდენის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.

მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.


2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღეს შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები