პროკურატურა

გორში მომხდარი ავარიის საქმეზე ტრაილერის მძღოლს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 29 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ტრაილერის მძღოლს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

29 ოქტომბერს გორში ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა - შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, გორის რაიონის სოფელ შავშვებთან გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა სამოძრაო ზოლში, დასავლეთის მიმართულებით  მოძრავმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მ.ს.-მ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე გადავიდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სადაც შეეჯახა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ სამგზავრო მიკროავტობუსს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ბ.რ. და მისი მგზავრები - ო.ჯ., ბ.შ., ი.გ., ე.ა. და გ.ჯ. გარდაიცვალნენ, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს გ.ვ.-მ და ლ.ჯ.-მ". - წერია განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა მ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით წარედგინა, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ექვსი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები