ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

PHR: იმავე ადამიანებმა, შესაძლოა, პანსიონი საოჯახო ტიპის სახლებად აქციონ, ეს დაუშვებელია

Ombudsman

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ Worldvision და UNICEF სამინისტროს სთავაზობს იმავე შენობაში, იმავე ტერიტორიაზე, იმავე ადამიანებმა დიდი ზომის ნინოწმინდის ბავშვთა სახლი მცირე საოჯახო ტიპის სახლებად აქციონ და ასე შეინარჩუნონ, რაც დაუშვებელია. მისივე თქმით, სანამ გამოძიება არ დასრულდება დაუშვებელია  ბავშვთა დაწესებულება იმავე ხალხმა მართოს.

"ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ბავშვთა ორგანიზაციები, Worldvision და UNICEF სამინისტროს და საპატრიარქოს სთავაზობს ასეთ ვარიანტს:

იმავე შენობაში, იმავე ტერიტორიაზე, იმავე ადამიანებმა დიდი ზომის ბავშვთა სახლი აქციონ მცირე საოჯახო ტიპის სახლებად და ასე შეინარჩუნონ.

ეს არის დაუშვებელი: სანამ გამოძიება არ დასრულდება, დაუშვებელია იმავე ხალხმა (რომელთა მიმართ არსებობს ბრალდებები ბავშვთა მიმართ ძალადობაზე) ბავშვთა დაწესებულება მართოს. ერთ შენობაში, თემისგან და საზოგადოებისგან იზოლირებულად, სამი მცირე საოჯახო სახლის მოწყობა ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებების კონვენციას და ბავშვთა უფლებების კოდექსს.

იმედი გვაქვს, რომ ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი და ველით მის უარყოფას ამ ორი ორგანიზაციის მხრიდან". – წერს არგანაშვილი

გუშინ, 8 ივნისს UNICEF-მა მზადყოფნა გამოთქვა, რათა დაეხმაროს მთავრობას დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს.  


5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცლა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

კომენტარები