საფრანგეთი

ემანუელ მაკრონს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სილა გააწნეს [VIDEO]

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს უცნობმა კაცმა სილა გააწნა. ინციდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, დრომის რეგიონში მოხდა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ჯებირთან მისულ პრეზიდენტს უცნობმა კაცმა სილა გააწნა და "ძირს მაკრონის საფრანგეთი" წამოიყვირა. მაკრონი დაუყოვნებლივ დააცილეს ჯებირს, თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრა პრეზიდენტმა მალევე განაახლა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თავდამსხმელი და მისი თანმხლები კაცი პოლიციამ მალევე დააკავა.

მაკრონი რეგიონში რესტორნების მეპატრონეებთან შესახვედრად ჩავიდა. 9 ივნისიდან რესტორნებისთვის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება.

აპრილის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა პრესასთან საუბრისას თქვა, რომ რეგიონებში "ქვეყნის გულისცემის გასაგებად და ხალხთან საურთიერთოდ" სურდა გასვლა. მაკრონის პოლიტიკური ოპონენტები სხვადასხვა რეგიონში მის ვიზიტებს საარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ. ივნისში საფრანგეთში რეგიონული არჩევნები გაიმართება. მომავალ წელს კი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები