კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო: ნახატების გატანის ნებართვისთვის 20-დღიანი ვადა 2015-დან მოქმედებს

კულტურის სამინისტრო ქვეყნიდან ნახატების გატანის ნებართვის გაცემის შეფერხებისა და ნებართვის გაცემაზე 21-დღიანი ვადის დაწესებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნახატების ქვეყნიდან გატანის ნებართვის გაცემისთვის განსაზღვრული 20-დღიანი ვადა 2015 წლიდან მოქმედებს და ის არ შეცვლილა.

"20 დღე (და არა 21, როგორც ეს სიუჟეტში ითქვა), განსაზღვრულია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N05/63 ბრძანებით, რომლის მეორე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, გაუგებარია სხვადასხვა პირების აპელირება 20 დღეზე, როგორც ახალ რეგულაციაზე, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ნორმა 2015 წლიდან მოქმედებს". – ნათქვამია განცხადებაში. 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა პირი, ვინც შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს, დაუბრკოლებლად იღებს ნამუშევრის ქვეყნიდან გატანის უფლებას.

31 მაისს სოციალურ ქსელში რამდენიმე მხატვრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტრომ ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანისთვის აუცილებელი ნებართვის გაცემა შეაჩერა. ასევე, ტაბულას ორმა წყარომ დაუდასტურა, რომ საბუთის გაცემა გაურკვეველი დროით შეჩერებულია.

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნიდან ნახატების გაცემაზე ნებართვის გაცემის ვადა 21 დღემდე გაიზარდა. 

ნებართვას სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო გასცემს. ნებართვის გარეშე ხელოვნების ნიმუშის, მისი ღირებულებისა და შექმნის თარიღის მიუხედავად, საზღვარგარეთ გატანა შეუძლებელია.

კულტურის სამინისტროს პიარსამსახურმა ტაბულას ჟურნალისტთან საუბარში შეფერხება უარყო.

კომენტარები