თავისუფლების ინსტიტუტი

ტაბულას სახელით თავისუფლების ინსტიტუტმა საკონსტიტუციოში ე.წ ტაბელების შევსება გაასაჩივრა

ტაბულა

ტაბულას და ჟურნალისტის, ანა გვარიშვილის სახელით თავისუფლების ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ე.წ ტაბელების, ანუ შრომის საათების სავალდებულოდ აღრიცხვა. ამ შემთხვევაში ტაბულა, როგორც დამსაქმებელი, ხოლო ანა გვარიშვილი, როგორც დასაქმებული ასაჩივრებენ შემზღუდველ ნორმებს, კერძოდ ორგანულ კანონს "საქართველოს შრომის კოდექსსა" და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01-15/ნ ბრძანებას "სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ". 

"ტაბელების შევსების ვალდებულება არასაჭიროა, დამატებით შრომას აკისრებს დასაქმებულს და ცხოვრებას ურთულებს, სამაგიერო სიკეთე კი არ მოაქვს. 

დისტანციურად მომუშავე ადამიანის სამუშაო გრაფიკის რეალური აღრიცხვა შეუძლებელია, თუ შესაბამისი ელექტრონული საშუალებებით არ დააკვირდებიან. ეს პროცედურა, ერთი მხრივ, ძვირია დამსაქმებლისთვის და, მეორე მხრივ, აიძულებს დასაქმებულს ზოგ შემთხვევაში დათმოს პირადი სივრცე. ბიუროკრატიის მხრიდან ამ ვალდებულების შექმნა ნიშნავს პატიოსან მოქალაქეთა იძულებას, მოიქცნენ არაკეთილსინდისიერად და მოგონილი საათები შეიყვანონ. 

შეზღუდვა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და გაუმართლებლად ზღუდავს მხარეების თავისუფალ ნებას. დამსაქმებელს და დასაქმებულს ართმევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ შრომის პირობები.

ამასთან, სადავო ნორმები იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ არის განჭვრეტადი". – წერია თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში. 

კომენტარები