კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრომ ნამუშევრების გატანის ნებართვის გაცემა დროებით შეაჩერა

Formulanews

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანისთვის აუცილებელი ნებართვის გაცემა შეაჩერა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში რამდენიმე მხატვარი ავრცელებს. ასევე, ტაბულას ორმა წყარომ დაუდასტურა, რომ საბუთის გაცემა გაურკვეველი დროით შეჩერებულია.

"კულტურის სამინისტრომ შეაჩერა ნამუშევრების გატანის ნებართვის გაცემა და სრული ქაოსი და გაუგებრობაა, ვინმე არის აზრზე რა გზას უნდა მივმართოთ მხატვრებმა, რომლებსაც მთავრობისგან არავითარი მხარდაჭერა არ აქვს და რაღაცნაირად ვახერხებთ არსებობას"? – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი რუსუდან ხიზანიშვილი.

"წინა კვირას მჭირდებოდა ნებართვა და ისევ ველოდები. ცხელ ხაზზე დარეკეთ ყველამ და დააფიქსირეთ პრეტენზია, რადგან ამ წუთას არაა არცერთი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც გასცემს ნებართვებს". – წერს პოსტის კომენტარში მხატვარი მაკა ზედელაშვილი.

ნებართვას სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო გასცემს. ნებართვის გარეშე ხელოვნების ნიმუშის, მისი ღირებულებისა და შექმნის თარიღის მიუხედავად, საზღვარგარეთ გატანა შეუძლებელია.

კულტურის სამინისტროს პიარსამსახურმა ტაბულას ჟურნალისტთან საუბარში შეფერხება უარყო.
 

კომენტარები