არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

POG: გორში კაცმა არასრულწლოვანი ბიჭი რამდენჯერმე გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გორში არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის კაცს ბრალი წარუდგინეს. 

გამოძიების ცნობით, 2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში გ.ზ.-მ ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა.

უწყება აღნიშნავს, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 21 მაისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

სამართალდამცველებმა გ.ზ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 25 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის გ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები