რეაქტიული კოსტიუმი

რკინის კაცი რეალობაში – ბრიტანეთის არმია რეაქტიულ საფრენ კოსტიუმზე მუშაობს [VIDEO] 

ბრიტანეთის თავდაცვითი ძალები კომპანია Gravity Industries-თან თანამშრომლობით რეაქტიული საფრენი კოსტიუმის შექმნაზე მუშაობს.  

მარველის რკინის კაცით შთაგონებული მეცნიერების ჯგუფი ფუტურისტულ პროექტზე 2017 წლიდან მოყოლებული მუშაობს და ამჟამად საფრენი აპარატი აქტიური საპილოტე გამოცდის ეტაპზეა. 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ახალი ტექნოლოგია მნიშვნელოვნად შეცვლის საზღვაო ოპერაციების მომავალს, რადგან საფრენი აპარატის საშუალებით სამხედროებს მაღალი სიჩქარით მიმავალი გემებისა თუ სხვა მოძრავი ობიექტების ბორტზე შეეძლებათ დაშვება და ოპერაციის დასრულების შემდეგ, უკან დაბრუნება.

კოსტიუმს 5 მინიატურული რეაქტიული ძრავა აქვს, 2-2 ხელებზე და ერთი, ყველაზე მძლავრი – ზურგზე. CNBC-ის ინფორმაციით, ჯამურად, სისტემა 1000-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ზოგადად, საზღვაო ტაქტიკური ოპერაციები განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, რადგან სამხედროებს გემის ბორტზე დაშვება ვერტმფრენებისა და თოკების საშუალებით უწევთ, რაც მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. 

ბრიტანეთის საზღვაო ძალების განმარტებით, საფრენი კოსტიუმზე მუშაობა ჯერაც არ არის დასრულებული და უახლოეს მომავალში მისი რეალურ სამხედრო ოპერაციებში გამოცდა არ იგეგმება, თუმცა მომავალში მის გამოყენებას არ გამორიცხავენ. 

ამჟამინდელი მდგომარეობით, რეაქტიული კოსტიუმის მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-მდე აღწევს. მსოფლიო რეკორდი კი 136 კმ/სთა, რომელიც 2019 წელს თავად კომპანია Gravity-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრაუნინგმა დაამყარა.

გარდა საზღვაო ოპერაციებისა, კოსტიუმის გამოყენება სახმელეთო და სამაშველო ოპერაციებშიც იგეგმება. 

რეაქტიული კოსტიუმი სამაშველო ოპერაციებისთვის.  ფოტო: Sky News


 

კომენტარები