აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

ბაიდენი: ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთი მილსადენზე კიბერთავდასხმას უკავშირდება

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანახმად, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელისუფლება დაკავშირებულია აშშ-ს უდიდეს მილსადენზე კიბერთავდასხმასთან.

"საუბარი მექნება, პრეზიდენტ პუტინს შევხვდები. ამ დროისთვის, არ არსებობს მტკიცებულება ჩვენი სადაზვერვო სამსახურებისგან, რომ რუსეთი ჩართულია, თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ თავდამსხმელი რუსეთშია. მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა, გაუმკლავდნენ ამას". – თქვა ბაიდენმა. 

ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, როდის ან სად შეხვდება პუტინს. ლიდერები ერთმანეთს, შესაძლოა, ივნისში შეხვდნენ.

Colonial Pipeline-ზე, აშშ-ს უდიდეს მილსადენზე, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს საწვავის 45%-ით ამარაგებს კიბერშეტევა 7 მაისს განხორციელდა. რის შედეგადაც მილსადენის ოთხივე ძირითადი მილი ამ დრომდე გაჩერებულია. ჰაკერების ჯგუფმა მილსადენის სისტემაში შეაღწია და ხელში თითქმის 100 GB-ის მოცულობის მონაცემები ჩაიგდო. მონაცემების ხელში ჩაგდების შემდეგ, ჰაკერებმა ის დაშიფრეს და ახლა კომპანიისგან გამოსასყიდს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპარულ ინფორმაციას ინტერნეტით გაავრცელებენ.

FBI-ს თანახმად, კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებელია რუსული ჰაკერული დაჯგუფება DarkSide-ი.

აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტმა საგანგებო განკარგულება გასცა, რომელიც საწვავის გადამზიდ სატვირთო მანქანების მძღოლებს ზეგანაკვეთურ მუშაობის უფლებას აძლევს, რათა ხელი შეუწყოს საწვავის გადაზიდვის ალტერნატიულ საშუალებებს. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მილსადენის გაჩერების გამო წარმოქმნილ საწვავის დანაკლისს ვერ შეამცირებს და მოსალოდნელია, საწვავის ნაკლებობის გამო მასზე ფასები გაიზარდოს.

"მზად ვართ, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები, რაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებს კომპანია მილსადენი სრულიად აამუშაოს. ჩემი ადმინისტრაცია ამ საკითხს ძალიან სერიოზულად აღიქვამს". - თქვა ჯო ბაიდენმა

ბაიდენის თქმით, კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციას ის ყოველდღიურად იღებს და ენერგეტიკის დეპარტამენტი მილსადენის მუშაობის აღდგენისთვის უშუალოდ მუშაობს Colonial Pipline-თან.

კომენტარები