გირჩი - მეტი თავისუფლება

ჯაფარიძე: მიშელის დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერით ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია არ ემატება

ბოიკოტმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მინიმუმ, ის აჩვენა, რამდენად ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში და მათ ეს დაინახეს. მანამდე ოცნების განცხადებები იყო, რომ ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არის, მაგრამ მათ დაინახეს, რომ იყო ეს კრიზისი და ამიტომაც იყო ამ პროცესში უმაღლესი ჩართულობა. მერე დაიდო დოკუმენტი, რომელშიც რაღაცები წერია და ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს და დასავლელ პარტნიორებს სჯერათ, რომ ეს დოკუმენტი თუ შესრულდება, საქართველო გამოვა ამ კრიზისიდან. მე ბევრ პუნქტთან მიმართებით ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ, რადგან ასეთი რწმენა არსებობს, ჩემი აზრით, ახლა საერთო ამოცანა ისაა, რომ ქართული ოცნება ვაიძულოთ ამ პუნქტების შესრულება. 

მე მგონია, რომ იმავე აზრზე ვარ, რაზეც მანამდე ვიყავი: ეს პარლამენტი დროებითი ფუნქციის შემსრულებელია ახლა. ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პუნქტების შესრულება ვაიძულოთ ქართულ ოცნებას და, საბოლოო ჯამში, მოამზადოს ქვეყანა, რომ როგორმე მივიდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელშიც ცუდი ვერსიაა ჩადებული, მაგრამ ამას მაინც ექნება რეფერენდუმის ფორმა. 

საბოლოო ჯამში ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ლეგიტიმაციის საკითხი. მე მიშელის დოკუმენტს ხელს მოვაწერდი თუ არა, ამით ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია არ ემატება

თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა მოაწერა ხელი. შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოსა და ლეიბორისტულ პარტიას. ენმ-ს განცხადებით, მათი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, პარლამენტში ისინიც შევლენ. 

კომენტარები