მექსიკა

მეხიკოში ხიდი მეტროს მატარებლის გადასვლისას ჩატყდა [VIDEO]

Pedro Pardo/AFP

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ხიდი  ჩატყდა მეტროს მატარებლის გადასვლისას. ხიდის ნაწილი და მატარებლის ვაგონები ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე ჩამოცვივდა. ავარიის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 20 ადამიანი და დაშავდა – 70. 49 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ქალაქის მერის თანახმად, დაღუპულთა შორის არიან მგზავრები.

ქალაქის წარმომადგენლების თქმით, ვაგონების ნაწილი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. ხიდი მიწიდან 5 მეტრის სიმაღლეზე გადიოდა.

ქალაქის მერის თანახმად, ავარიის მიზეზი საყრდენი ბოძის ჩამონგრევა გახდა. შემთხვევის შემდეგ სამაშველო სამუშაოების დროებით შეჩერება გახდა საჭირო, რადგანაც კონსტრუქცია უკიდურესად არამდგრადი იყო. სამუშაოები ნანგრევების გამაგრების შემდეგ გაგრძელდა.

ხიდი მეტროს მე-12 ხაზის ნაწილი იყო, რომელიც 2012 წელს გაეშვა. Associated Press-ის თანახმად, ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ავარიამდეც ხშირად საუბრობდნენ. ქალაქის მეტროპოლიტენის 12 ხაზს შორის ეს ხაზი ყველაზე ახალია.

მეხიკოს მეტრო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქტიური მეტროპოლიტენია. ბოლო წლებში მეტროში ორი სერიოზული ავარია მოხდა. გასულ წელს ტაკუბაიას სადგურზე შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა, 2015 წელს კი სადგურ ოკეანიაზე ავარიაში 12 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები