ბიძინა ივანიშვილი

შვეიცარიის ბანკი ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის

შვეიცარიის საინვესტიციო ბანკი Credit Suisse Group AG-ი ბიძინა ივანიშვილს და მის კომუნიკაციების მრჩეველს სასამართლოში უჩივის. საჩივრის მიზეზი გახდა ივანიშვილს და მისი მრჩეველი კომპანიის გადაწყვეტილება, გამოექვეყნებინათ შვეიცარიის საბანკო სექტორის მარეგულირებლის, Finma-ს ანგარიში, რომელიც თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი ბანკირის, პატრის ლესკოდრონის საქმეს ეხებოდა.

Finma-ს 2017 წლის ანგარიში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ფირმის Metigen-ის ვებგვერდზე, csvictims.com-ზე გამოქვეყნდა. მანამდე Credit Suisse-მ სასამართლოს გზით მიაღწია იმას, რომ დოკუმენტის კონფიდენციალობა დაცული ყოფილიყო. 

29 აპრილის სასამართლო მოსმენაზე დაკმაყოფილდა Credit Suiss-მა თხოვნა გახანგრძლივებულიყო სასამართლო ბრძანება, რომლის ფარგლებშიც ანგარიში csvictims.com-ის ვებგვერდიდან აიღეს. კომპანია Metigen-ი გეგმავს, მოითხოვოს ნებართვა სასამართლოს გადაწყვეტილების აპელაციისთვის

სასამართლო დავა შვეიცარიის ბანკსა და ინვესტორებს შორის დაპირისპირების ნაწილია. დავა დაკავშირებულია ბანკირ პატრის ლესკოდრონთან, რომელიც თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს. 

"ინვესტორები, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ლონდონის სასამართლო პროცესში მოპასუხე მხარეა, მიიჩნევენ, რომ Credit Suisse-მა გარკვეულწილად პასუხი უნდა აგოს ბანკირის დანაშაულებებზე" - წერს გამოცემა Bloomberg-ი

Metigen-ის დირექტორის, ჩარლი ვიგანის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის გარკვეული ნაწილი უკვე ისედაც გავრცელდა პრესით, "აღმაშფოთებელია, რომ Credit Suisse ცდილობს, ხელი შეუშალოს დანაშაულებათა მსხვერპლებს, გამოიყენონ ეს ანგარიში". ვიგანის თქმით, ანგარიშის მიგნებების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

ლესკოდრონის საქმე 2015 წელს გახმაურდა. პატრის ლესკოდრონმა, რომლის კლიენტების უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყონ, აღიარა, რომ აყალბებდა ხელმოწერებს, მანიპულირებდა ელექტრონული ცხრილებით და აყალბებდა სავაჭრო ტრანზაქციებს, რათა დრო მოეგო იმისთვის, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისი დროს მიღებული ზარალი აენაზღაურებინა. ლესკოდრონის თაღლითური სქემა 7 წლის მანძილზე შეუმჩნეველი რჩებოდა. ბანკი Credit Suisse აცხადებს, რომ პატრის ლესკოდრონი დამოუკიდებლად მოქმედებდა და მისმა თანამშრომლებმა და უფროსებმა თაღლითური სქემის შესახებ არაფერი იცოდნენ. ის დამნაშავედ 2018 წელს ცნეს და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 10-თვიანი პატიმრობის შემდეგ ლესკოდრონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ მან წინასწარ პატიმრობაში 2 წელი გაატარა, გაათავისუფლეს. პატრის ლესკოდრონმა გასულ წელს თავი მოიკლა.

ბიძინა ივანიშვილი ლესკოდრონის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კლიენტი იყო. ივანიშვილმა Credit Suisse-ს სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერდმუდაში უჩივლა და $800-მილიონიანი ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.

კომენტარები