ნიკა მელიას საქმე

ვაშაძე: ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ხელმომწერები, ვგმობ მელიაზე გადატანას

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ამნისტიის კანონის საკითხზე მისაღებ კანონპროექტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებენ ის პოლიტიკური ძალები, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ვაშაძე გმობს პასუხისმგებლობის ენმ-ის ლიდერზე, ნიკა მელიაზე გადატანას.

"კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას, ნიკა მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. მე ვაპირებ, შევასრულო ჩემი ვალდებულება და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით. გარდა ამისა, ამნისტიის კანონის მიღებამდე ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევძლოთ მისი უფრო ადრე გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიის კანონი იქნება მიღებული, მაგრამ, მოგეხსენებათ, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ქართული ოცნებაზეცაა დამოკიდებული ეს ნაბიჯი". – ამბობს ვაშაძე. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები