ვაქცინაცია საქართველოში

WHO: Sinopharm-ის ავტორიზაციას 26 აპრილს განვიხილავთ, Sinovac-ისას 3 მაისს 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს 26 აპრილს განიხილავენ, ხოლო Sinovac-ის ვაქცინის ავტორიზაციას 3 მაისს.

გამოცემა Reuter-თან საუბრისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ. 

ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ავტორიზაცია მისცა Pfizer-ს, AstraZeneca-ს და  Johnson & Johnson-ს. 

სინოფარმის ვაქცინა ადრეულ 2020 წელს პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების სახელმწიფო ინსტიტუტში შეიქმნა. ასევე სამთავრობო კომპანიის, სინოფარმის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ვაქცინამ 79%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა. გასული წლის დეკემბერში ვაქცინამ ჩინეთის მთავრობისა და მარეგულირებლის ავტორიზაცია მიიღო და მალევე, ექსპორტირებაც დაიწყო. 

მეორე მხრივ, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, გაო ფუს თანახმად, ჩინური ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს და განიხილება სხვადასხვა სტრატეგია ვაქცინების ეფექტიანობის გასაზრდელად, მათ შორის ერთდროულად კორონავირუსის სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება. გაო ფუს თანახმად, საჭიროა ვაქცინების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა.


საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრები 15 მარტიდან მიმდინარეობს. Pfizer-ის 29 500 დოზით ვაქცინაცია კი, მარტის ბოლოს დაიწყო. ამჟამად, ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, ორგანოგადანერგილ პაციენტებს, დიალიზზე მყოფ პირებს და 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. ასევე, შექმნილია სათადარიგო სია, რომელშიც პოლიციელები და ჯარისკაცები შედიან.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 560-მა პირმა გაიკეთა. 23 აპრილის დილის მონაცემებით, სულ აცრილია 34 897 ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კომენტარები