პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: სამადაშვილის ერთგულება თავისი პოზიციის მიმართ (ჩემგან განსხვავებული) პატივსაცემია

მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად მოეწერა ხელი ხელშეკრულებისთვის და ამბობს, რომ, მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ის პატივს სცემს მის პოზიციას.  

"სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთგულება საკუთარი პოზიციის მიმართ". – წერს ელენე ხოშტარია

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები