პოლიტიკური კრიზისი

მინაშვილი: ამ ფორმით თუ იქნება დოკუმენტი, პრობლემატური იქნება ხელმოწერა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების ახალ დოკუმენტში პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხების არსებული ფორმულირება ენმ-სთვის მის ხელმოწერასთან დაკავშირებით პრობლემური იქნება.

"ამნისტიასთან დაკავშირებით იცით ნიკა მელიას წუხილი, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, ვინც გამოიყენა ძალადობა 19-20 ივნისს, ეს არის ნიკა მელიას პოზიცია, ჩვენი პოზიცია და ამასთან დაკავშირებით გვაქვს წუხილები

ჩვენ არ ვხედავთ, რომ ის, რაც შემოთავაზებულია, არის სწორი გზა იმისათვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, თვისობრივად განსხვავებულია ადგილობრივი და ფედერალური არჩევნები. ამ მიდგომამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემა შექმნას. არასწორია ადგილობრივი არჩევნების და ფედერალური არჩევნების ერთმანეთზე მიბმა. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წუხილები, ბუნებრივია, ამ ფორმით თუ იქნება დოკუმენტი, პრობლემატური იქნება ნამდვილად ხელმოწერა". – თქვა მინაშვილმა. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტში შემოთავაზებლია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტი ასევე მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული სამართლიანობის ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ექვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილი მხარე ამნისტიის შესახებ კანონის ინიციატივით უნდა გამოვიდეს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და ბრალდების შესახებ.

"შემდეგ ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ ხმა მისცენ საკანონმდებლო ცვლილებებს და საპარლამენტო წესების რეფორმას". – ნათქვამია დოკუმენტში. 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები