ოჯახში ძალადობა

"ილაპარაკე ძალადობაზე" – რუსთაველის თეატრთან ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კადრი Facebook-ლაივიდან/გილდია • Guild

რუსთაველის თეატრთან აქცია გაერთიანება გილდიის ორგანიზებით, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაიმართა აქცია "ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა" . მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პროტესტის მონაწილეები აკრიტიკებდნენ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით,  რობერტ სტურუა თავისი განცხადებებით ახალისებს ძალადობას და აჩენს ეჭვს, რომ თეატრში ილახება დასაქმებულების უფლებები.

აქციაზე პროტესტის მონაწილეებსა და რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მსახიობი გოგო ბარბაქაძე ამბობს, რომ "გაღიზიანება გამოწვია იმან, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს რობერტ სტურუამ წაახალისა ბესო ზანგური". ბარბაქაძე აღნიშნავს, რომ ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, თეატრმა გააკეთა.

აქციის ორგანიზატორებმა შემდეგი მოთხოვნები წამოაყენეს:

  • კულტურის სამინისტრომ გადადგას ნაბიჯები, იზრუნოს სამართლებრივ დოკუმენტებსა და სსიპ თეატრების შინაგანაწესებში, დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ, ნორმების დეტალურად გაწერასა და გამკაცრებაზე. 
  • ადეკვატური პასუხი გასცეს რუსთაველის თეატრის მენეჯმენტის მხრიდან ძალადობის წახალისებისა და სხვა მრავალი დარღვევის ფაქტებს.
  • მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო თეატრების მართვის არსებული მოდელის რეფორმა, სამხატვრო ხელმძღვანელის შემოქმედებითი, მენეჯერული და ფინანსური უფლებამოსილებების განაწილება, აგრეთვე, სამხატვრო ხელმძღვანელის შიდა მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის, დემოკრატიული წესით, არჩევითად გარდაქმნა.
  • მოვუწოდებთ, სახალხო დამცველს, Ombudsman-ს, შეისწავლოს რობერტ სტურუას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

გუშინ, 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ძალადობაში ბრალდებული მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს. ოფიციალურ ბრძანებას  ხელს აწერს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა .

ზანგურის როლებიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მან მსახიობს მოუწოდა, რომ დღესვე დაეტოვებინა თეატრი. რაც შეეხება რეჟისორ რობერტ სტურუას, წულუკიანის თქმით, მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რუსთავი 2-ის ეთერში არაერთგზის ცემაში დაადანაშაულა, მათ შორის, ორსულობისას. მან გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური ერთად 2 წელი ცხოვრობდნენ, მათ ერთი შვილი ჰყავთ. მსახიობის თქმით, ის ყოფილი ქმრისთვის ჩივილს არ აპირებს, რადგან მისი მიზანი, არა ზანგურის დასჯა, არამედ სხვა ქალების ძალადობისგან დაცვა და მათთვის მაგალითის მიცემა იყო.

კომენტარები