ვალუტის კურსი

1-ელი იანვრიდან დღემდე, სომხური დრამი 0.7%-ით გამყარდა, ლარი კი 5.1%-ით გაუფასურდა

კოლაჟი / ტაბულა

2021 წლის 1-ელი იანვრიდან 15 აპრილამდე ქართული ლარი, სხვა ვალუტებთან მიმართებით, 5.1%-ით გაუფასურდა, სომხური დრამი კი – 0.7%-ით გამყარდა. 

მაკროეკონომიკურ მიმოხილვას Galt & Taggart-ი ავრცელებს.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 1-ელი იანვრიდან 15 აპრილამდე რეგიონის ვალუტებიდან ყველაზე მყარად უკრაინული გრივნა გამოიყურება, რომელიც ამ პერიოდში 1.4%-ით გამყარდა. მას 0.7%-იანი გამყარების მაჩვენებლით სომხური დრამი მოჰყვება. სომხური ვალუტის გამყარება განსაკუთრებით შთამბეჭდავია ქვეყანაში შექმნილი საგარეო და საშინაო კონფლიქტების ფონზე – აზერბაიჯანთან წაგებული ომისა და ქვეყნისათვის წამგებიანი ზავის დადების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა გადადგომა და ახალი ვადამდელი არჩევნების ჩატარება დააანონსა.  

აღნიშნულ პერიოდში გაუფასურდა მანათი, რუბლი და ლარი. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ მანათის გაუფასურების მაჩვენებელი 0.2%-ია, რუბლისა – 1.6%, ხოლო ქართული ლარი 5.1%-ით გაუფასურდა. ეს კი იმის ფონზე, რომ 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, სებ-მა $212.9 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო ბაზარზე.

გალტ & თაგარტის მიხედვით, ლარის მიმდინარე რყევებზე ძირითად გავლენას ახდენს კოვიდის მესამე ტალღის მოლოდინი, პოლიტიკური არსტაბილურობა და თურქული ლირის გაუფასურებიდან წარმოქმნილი ნეგატიური მოლოდინები. 

ბანკის პროგნოზით, 2021 წელს ლარის კურსი დოლარის მიმართ საშუალოდ 3.4-3.5-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში კი – 3.25-3.4-ის ფარგლებში.

კომენტარები