ოჯახში ძალადობა

17 აპრილს, რუსთაველის თეატრთან ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

1TV

17 აპრილს, 14 საათზე გაერთიანება "გილდიის" ორგანიზებით, რუსთაველის თეატრის წინ, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია "ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა" გაიმართება.

"მხარდაჭერას ვუცხადებთ მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, ამ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მხრიდან მოხდეს დაუყოვნებლივი რეაგირება. 

მას შემდეგ, რაც ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაზე საჯაროდ ისაუბრა, რუსთაველის თეატრის, 1980 წელს დანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ მკვეთრად გამოხატული დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა, რითაც, შეიძლება ითქვას, რომ საჯაროდ წაახალისა დისკრიმინაცია და ძალადობა. 

პრობლემა არ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, პრობლემა არის სისტემური ხასიათის და საჭიროებს მნიშვნელოვან და აუცილებელ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან". - წერია გილდიის განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორებმა შემდეგი მოთხოვნები წამოაყენეს:

  • კულტურის სამინისტრომ გადადგას ნაბიჯები, იზრუნოს სამართლებრივ დოკუმენტებსა და სსიპ თეატრების შინაგანაწესებში, დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ, ნორმების დეტალურად გაწერასა და გამკაცრებაზე. 
  • ადეკვატური პასუხი გასცეს რუსთაველის თეატრის მენეჯმენტის მხრიდან ძალადობის წახალისებისა და სხვა მრავალი დარღვევის ფაქტებს.
  • მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო თეატრების მართვის არსებული მოდელის რეფორმა, სამხატვრო ხელმძღვანელის შემოქმედებითი, მენეჯერული და ფინანსური უფლებამოსილებების განაწილება, აგრეთვე, სამხატვრო ხელმძღვანელის შიდა მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის, დემოკრატიული წესით, არჩევითად გარდაქმნა.
  • მოვუწოდებთ, სახალხო დამცველს, Ombudsman-ს, შეისწავლოს რობერტ სტურუას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

 

კომენტარები