ნამახვანჰესი

თურნავა ნამახვანზე: ვინ აგებს პასუხს, რომ მეორე უბედური შემთხვევა არ მოხდება?!

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ნამახვანჰესის მიმდებარედ კარვების აღების გადაწყვეტილებით მთავრობა მოქალაქეებზე ზრუნავს, რადგან მდინარე რიონში წყალმა საშიშ დონეს მიაღწია. 

მისივე თქმით, კარვების აღება რამდენიმე დღის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება.

"ძალიან ნათელი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის შეზღუდული იმ კონკრეტულ ადგილას უცხო პირთა მიმოსვლა. თქვენ იცით, რომ დიდდება მდინარე რიონში წყალი, საკმაოდ საშიშ დონეს აღწევს. 

რამდენიმე დღის წინ იყო სამწუხარო შემთხვევა, ახალგაზრდა, რომელიც იმყოფებოდა კარვებში, შემდეგ გამოვიდა და გაუჩინარდა წყალში, დღესაც არ არის ჩვენთვის ბოლომდე ცნობილი, რა გარემოებებში მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც წყლის დონე დიდდება, ვერ შეფასდება როგორც უსაფრთხო გარემო, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საპროტესტო აქციების დროს ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ჩანს ადგილზე სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული, თვითონ აქტივისტებიც არ იცნობენ ერთმანეთს". – ამბობს თურნავა რუსთავი 2-ის ეთერში და აღნიშნავს, რომ "არასწორი, ანგაჟირებული პოზიციაა, რომ იქ ვინმეს გამოხატვის თავისუფლება ირღვევა"

"რაც კეთდება, უსაფრთხოების დაცვის მიზნით კეთდება. ვინ აგებს პასუხს, რომ მეორე ასეთი უბედური შემთხვევა არ მოხდება. როგორი იდეითაც არ უნდა იყოს განპირობებული პროტესტი, ყოველთვის საპროტესტო მოძრაობის ინიციატორები და აქტივისტები არიან თანაბრად პასუხისმგებლები შედეგებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათზე მხოლოდ და მხოლოდ ვზრუნავთ". – ამბობს ნათია თურნავა. 


11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. 

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აპრილს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები