ჩინეთი-ჯანმო

VOC: Covid-19-ით დაღუპულები კომუნიზმის ისტორიულ მსხვერპლთა რიცხვს უნდა დაემატონ

ტედროს ადანომ გებრაიესუსი პეკინში სი ძინფინგს ხვდება. 2020 წლის 28 იანვარი.
China Daily

ამერიკული არასამთავრობო, ანტიკომუნისტური ორგანიზაციის, კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის ფონდის (VOC) აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიონ სმიტმა, თქვა, რომ კორონავირუსით დაღუპულები უნდა დაამატონ კომუნიზმის ისტორიულ მსხვერპლთა რიცხვს.

"ჩვენ ვიცოდით, რომ ჩინეთი იტყუებოდა და შეცდომაში შეიყვანა დანარჩენი მსოფლიო ვირუსზე, რომელიც უხანში წარმოიშვა, თუმცა, მათი განგრძობადი ტყუილი და ავაზაკური ქცევა შოკისმომგვრელია. ჯანმო-მ ხელი აიღო მსოფლიოს წინაშე თავის პასუხისმგებლობაზე, რათა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმისთვის წყალი მიეწოდებინა. მართალია, პანდემიის [მსხვერპლთა] საბოლოო რიცხვი ჯერ უცნობია, თუმცა ისინი, ვინც ვირუსის შედეგად დაიღუპნენ, უნდა დაემატონ კომუნიზმის ხელში 100 მილიონ დაღუპულთა მსოფლიო რიცხვს. ფაქტებთან ნებისმიერი ზედაპირული მიდგომა აჩვენებს იმას, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია, სი ძინფინგი და ჯანმო-ს დირექტორი, ტედროს ადანომ გებრაიესუსი, მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის კვლავ საფრთხეა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დასავლურ მედიას, ამ დისკრედიტირებული ორგანიზაციების მხრიდან მათი ნებისმიერი პრეტენზია გადაამოწმონ მანამ, სანამ მათ ნათქვამს გაიმეორებენ". – წერს კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მარიონ სმიტი. 

კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის ფონდმა 2020 წლის 10 აპრილს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერენ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებებმა გამოიწვია კორონავირუსის პანდემია.

"პანდემიის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ ჩინეთის მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის ფონდმა ანგარიშში დეტალურად შეისწავლა კორონავირუსის გავრცელების ქრონოლოგია და ფაქტები მას შემდეგ, რაც ის თავდაპირველად 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა". –ვკითხულობთ VOC-ს ვებგვერდზე

ორგანიზაციის დასკვნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის კომუნიკაციის ნაკლებობამ, შინ და გარეთ ადამიანის სიცოცხლის უგულებელყოფამ და აშკარა ტყუილმა გამოიწვია მილიონობით ადამიანის სიკვდილი, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ. 

ანგარიშის თანახმად, გლობალური პანდემია "არამხოლოდ პროგნოზირებადი იყო, არამედ მისი პრევენცია სრულიად შესაძლებელი იყო". 

"ამასობაში კი ჯანმო-მ ხელი აიღო თავის მისიაზე, დაეცვა გლობალური ჯანმრთელობა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სიტყვაზე ენდო". – წერია კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის ფონდის გვერდზე. 

კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის ფონდი საგანმანათლებლო, კვლევითი და ადამიანის უფლებათადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც "ეძღვნებოდა კომუნიზმის 100 მილიონზე მეტი მსხვერპლის ხსოვნას მთელს მსოფლიოში და მათ, ვინც კვლავ ტოტალიტარული რეჟიმებში ცხოვრობს და თავისუფლებას ესწრაფვის". ფონდი 1993 წელს კონგრესის ორპარტიული აქტით ავტორიზებული ორგანიზაციაა, რათა "ამერიკელებს განათლება მისცენ კომუნიზმის იდეოლოგიის, ისტორიისა და მემკვიდრეობის შესახებ".

ვირუსის გამოჩენის შემდეგ ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ქმედებების შესახებ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაშიროგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?

კომენტარები