გერმანიის არჩევნები 2021

გერმანიაში კონსერვატიული ბლოკის ლიდერები კანცლერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ

არმინ ლაშეტი/მარკუს ზიოდერი

კვირას, 11 აპრილს ანგელა მერკელის პარტიის გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (გქდკ) ლიდერი არმინ ლაშეტი და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის (ბქსკ) ლიდერი მარკუს ზიოდერი საპარლამენტო ბლოკის ლიდერებს შეხვდებიან. შეხვედრაზე პოლიტიკოსები კანცლერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

ტრადიციულად, გქდკ-სა და ბქსკ-ს ლიდერები წყვეტენ, რომელი პარტიის წევრი იქნება არჩევნებში კანცლერობის კანდიდატი. გქდკ და ბქსკ პარტნიორი პარტიები არიან, რომლებიც ბუნდესტაგში ბლოკს ქმნიან. ამჟამად მათ 709 მანდატიდან 245 აქვთ, 200 გქდკ-სა და 45 ბქსკ-ს. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიასთან ერთად კოალიციაში ისინი სამთავრობო უმრავლესობას (397 მანდატი) ქმნიან.

ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერი მარკუს ზიოდერი წინასაარჩევნო გამოკითხვებში ლიდერობს, თუმცა არმინ ლაშეტი გავლენიანი პოლიტიკოსების მხარდაჭერით სარგებლობს.

უცნობია, რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. შესაძლოა, ცნობილი გახდეს, ვინ იქნება ფრაქციის კანდიდატი, თუმცა, შესაძლოა, ლიდერები უბრალოდ შეთანხმდნენ, რა პროცესით და რა ვადებში უნდა აირჩეს კანცლერობის კანდიდატი.

60 წლის არმინ ლაშეტმა ღიად განაცხადა, რომ სურს, კანცლერობის კანდიდატი იყოს. მარკუს ზიოდერს მსგავსი სურვილი საჯაროდ არ გამოუთქვამს. ის აღნიშნავს, რომ მისი ადგილი ბავარიაშია. ბქსკ-ს არც ერთი ლიდერი გერმანიის კანცლერი არ ყოფილა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, კონსერვატული ბლოკის მხარდაჭერა 27%-მდე შემცირდა. 2017 წლის არჩევნებში ბლოკმა თითქმის 33%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

ლაშეტმა და ზიოდერმა თქვეს, რომ კანდიდატურის საკითხი მაისის ბოლომდე გადაიჭრება, თუმცა პარტიებში ბევრს საკითხის უფრო მალე გადაწყვეტა სურს.

ჰესენის მიწის პრემიერმა, ფოლკერ ბოუფიერმა მოითხოვა, რომ გადაწყვეტილება მომავალ კვირამდე იყოს მიღებული, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, რალფ ბრინკჰაუსმა კანდიდატურის არჩევისთვის ორკვირიანი ვადა დათქვა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი იქნება, რომელიც ამჟამად ფინანსთა მინისტრია. მწვანეები თავის კანდიდატს 19 აპრილს დაასახელებენ. 

კომენტარები