ევროპული საქართველო

კანდელაკი: მნიშვნელოვანია სიცხადე და არა ორაზროვნება ფასეულობების დაცვაში

დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაშია. რთულ ვითარებაში, რომელშიც ის შეიყვანა იმ რეჟიმმა, რომელიც დღეს მართავს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას. ამ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკაში იყოს სიცხადე. სიცხადე და არა ორაზროვნება იმ ფასეულობების დაცვაში, რომელზეც ილაპარაკა ოთო კახიძემ. გავიმეორებ ამ ფასეულობებს: ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის ცივილიზებულ ერთა ოჯახში დაბრუნება, მაგრამ ამავე დროს დავამატებდი, ეს არის სეკულარიზმი, ეს არის უმცირესობების ინტეგრაცია ჩვენს საზოგადოებაში, სრულფასოვანი ინტეგრაცია.

ამ ფასეულობებისთვის ბრძოლაში აუცილებელია, რომ არანაირი ბუნდოვანება არ იყოს. იმიტომ რომ ბუნდოვანება დაეხმარება ამ ჭაობს, რომ გაგრძელდეს, დაეხმარება რეჟიმს. ასე რომ, ევროპული საქართველო აპირებს, რომ კიდევ უფრო მეტი სიცხადე შემოიტანოს ჩვენს პოლიტიკაში. ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე იბრძოლოს ამ ფასეულობებისთვის. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის, თუ რისთვის ვიბრძვით და რატომ ვიბრძვით, და რატომ ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, იყოს გასაგები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ამომრჩევლებისთვის, მაგრამ ამავე დროს ჩვენი პარტნიორებისთვის.

ამ პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპული საქართველო უკვე თამაშობს კრიტიკულ როლს და აპირებს, რომ ეს როლი მომავალშიც ითამაშოს და გააძლიეროს, იმისათვის, რომ დაგვირგვინდეს ბრძოლა წარმატებით, დაგვირგვინდეს ეს ბრძოლა ხელისუფლების მეორედ ცვლილებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სწორად ამ მეორე ცვლილების შემდეგ, რომელშიც ევროპული საქართველო აპირებს ყოველგვარი მოკრძალების გარეშე ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაშს, ამ უფრო გამოკვეთილი და უფრო ცხადი როლით ამის შემდეგ საქართველო გადავა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე და გადაშლის ახალ ფურცელს ჩვენს ისტორიაში.

თქვა გიორგი კანდელაკმა ევროპული საქართველოს ყრილობაზე

კომენტარები