AstraZeneca-ს ვაქცინა

AstraZeneca-სა და თრომბის შემთხვევებს შორის უიშვიათესი შესაძლო კავშირი დასტურდება

ფოტო: bbc.com

ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, დასტურდება უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის. 

ევროპის მარეგულირებლის დასკვნით, სისხლში დაბალი თრომბოციტებისა და თრომბის განვითარების შანსები ძალიან დაბალია და AstraZeneca-ს ვაქცინიდან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად გადაწონის მასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, 25 მილიონი აცრილი ადამიანიდან თრომბის შემთხვევა მხოლოდ 86-ს განუვითარდა, ანუ მილიონში 3.5 ადამიანს. აქედან 18 გარდაიცვალა. შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა კი 60 წლამდელ ქალებზე მოდის.

გართულების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად სააგენტო იმუნიტეტის რეაქციას ასახელებს.

ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] უსაფრთხოების კომიტეტში აღნიშნეს, რომ თრომბები წარმოიშვა თავის ტვინში, მუცლის ღრუში და არტერიებში, სისხლში თრომბოციტების დაბალი დონის და ზოგჯერ სისხლდენის დროს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ პირებმა, რომლებმაც მიიღეს ვაქცინა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუკი თრომბისა და სისხლში დაბალი თრომბოციტების სიმპტომები განუვითარდებათ.

განცხადებაში ხაზს უსვამენ სწრაფი მკურნალობის მნიშვნელობას და წერენ, რომ თრომბის და სისხლში დაბალი თრომბოციტების ნიშნების ამოცნობით და მათი ადრეული მკურნალობით, ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ დაეხმარონ დაზარალებულებს გამოჯანმრთელებაში და გართულებების თავიდან აცილებაში.

პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ აქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • ჰაერის უკმარისობა
  • ტკივილის გულმკერდის არეში
  • ფეხის შეშუპება
  • განუწყვეტლივ მუცლის ტკივილი
  • ნევროლოგიური სიმპტომები, მწვავე და მუდმივი თავის ტკივილი ან ბუნდოვანი მხედველობა
  • აცრის ადგილის კანის ქვეშ პატარა ლაქები 

EMA საზოგადოებას აფრთხილებს, რომ იმ შემთხევაში, თუ ვაქცინის გაკეთებიდან შემდეგი კვირების განმავლობაში ზემოთჩამოთვლილიდან რომელიმე სიმპტომი გამოუვლინდათ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას. EMA  საზოგადოებას ასევე ურჩევს მიმართონ თავიანთ ჯანდაცვის სპეციალისტს ან დაუკავშირდნენ შესაბამის ეროვნულ ორგანოებს, თუ ვაქცინის შესახებ შეკითხვები ექნებათ. 

როგორც EMA აღნიშნავს, თრომბის შემთხვევების უმეტესობა პირველი აცრიდან 2 კვირის განმავლობაში მოხდა. აღსანიშნავია, რომ მეორე დოზის გამოყენების გამოცდილება, ამ დროისთვის, მწირეა.

კომენტარები