აფგან მუხთარლის საქმე

კანდელაკი მუხთარლიზე: ცხადია, რომ მთავრობამ მოიტაცა, ყველა აუცილებლად დაისჯება

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ჩამოსვლას ეხმაურება. კანდელაკი ამბობს, რომ მუხთარლი საქართველოს მთავრობამ მოიტაცა და ყველა, ვინც ამაში ჩართული იყო, აუცილებლად დაისჯება. 

"ბატონი კობახიძე ცოტა ხნის წინ მოძღვრავს მთელ ქვეყანას და ცდილობდა, რომ ვაჟა-ფშაველას პოეზია დამახინჯებულად მოერგო ქვეყანაში რუსი პროპაგანდისტის ჩამოსვლაზე და აქ ტაშ-ფანდურისა და ქეიფის გამართვაზე პოლიციის ესკორტის თანხლებით. ეს რანაირად გამოდის? როცა ქვეყანაში პატივცემული ჟურნალისტი, სტუმარია ჩამოსული, ქალაქის ცენტრიდან მისი მოტაცება და გაწირვა მისი ციხეში ჩამწყვდევისთვის რომელ ქართულ ტრადიციებში ჯდება? მაგრამ ეს ხალხი ხომ ორპირია, ისინი არიან კომუნისტური რეჟიმის მემკვიდრეები და მათთვის შეიძლება, რომ ერთი თქვან და მეორე გააკეთონ. 

ცხადია, რომ ბატონი მუხთარლი თავის დროზე საქართველოს მთავრობამ მოიტაცა ცნობილი თამადის, ბატონი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, ახლა რომ ამუნათებს საზოგადოებას რუსი პროპაგანდისტის დამსახურებულად გაძევებაზე. დღეს თუ არა, ხვალ ამ საქმეს აუცილებლად მოეფინება ნათელი და ქალაქის ცენტრიდან ადამიანების გატაცებისთვის ყველა, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში, ყველა დონეზე აუცილებლად იქნება დასჯილი". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გატაცების შემდეგ ქვეყანაში პირველად შემოუშვეს. როგორც მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.  

თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად გასული წლის 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას. 

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო სდევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან მარტში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ცოლთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმავე პერიოდში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბაქოში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 000 000 გადაუხადეს. 

კომენტარები