ისრაელი

ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესზე მოწმეების მოსმენის ეტაპი დაიწყო

ბენიამინ ნეთანიაჰუ
The Times of Israel

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესზე დღეს, 5 აპრილს, პირველი მომწეების მოსმენა იწყება. აქამდე ეს ეტაპი რამდენჯერმე გადაიდო. 

პრემიერმინისტრის სასამართლო პროცესი 2020 წლის 24 მაისს დაიწყო. პირველი მოწმე, რომელიც ჩვენებას წარადგენს, არის ილან იეშუა, Walla News-ის აღმასრულებელი დირექტორი და ნეთანიაჰუს პირველი საქმის მთავარი მოწმე. სულ განსახილველია პრემიერმინისტრთან დაკავშირებული სამი საქმე. პირველი მათგანი ეხება შაულ ელოვიჩის მედიაკომპანიის მიმართ კორუფციულ დამოკიდებულებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუს იერუსალიმის სასამართლოში მისვლას დახვდნენ როგორც მოწინააღმდეგეები, ისე მხარდამჭერები  და დემონსტრაცია გამართეს.

ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი მოკლე არ იქნება. ერთ-ერთი ყოფილი მოსამართლის აზრით, ის 3 წელი მაინც გაგრძელდება.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს ნეთანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.

ქრთამის ნაწილში ნეთანიაჰუს დახმარების გაწევის სანაცვლოდ ბიზნესმენებისაგან საჩუქრების - ძირითადად სიგარების და შამპანურის მიღებაში ადანაშაულებენ. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და თაღლითობის ნაწილში ნეთანიაჰუს ბრალი ედება გაზეთ Yediot Ahronot-ისთვის ხელის შეწყობის შეთავაზებაში მათგან პოზიტიურად გაშუქების სანაცვლოდ. ასევე, თაღლითობის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნაწილში, მას ბრალად ედება პრემიერმინისტრის და კომუნიკაციების მინისტრის პოსტზე ყოფნისას ბიზნესმენ შაულ ელოვიჩის კომპანიების სასარგებლო რეგულაციების მიღებაში, ელოვიჩის ახალი ამბების სააგენტოსაგან პოზიციტურად გაშუქების სანაცვლოდ.

სასამართლო პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვეს ან წელს გაგრძელდეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა, პოსტი დატოვოს.

ნეთანიაჰუს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშევედ ცნეს, ნეთანიაჰუ ვალდებული არ იქნება, პოსტი დატოვოს, სანამ განაჩენს ყველა ინსტანციაში არ გაასაჩივრებს, რასაც შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.

ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი მოქმედი პრემიერმინისტრია, რომელიც სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სახით წარსდგა. ყოფილი პრემიერმინისტრი ეჰდუდ ოლმერტი მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით 2008 წელს დაწყებული გამოძიების შემდეგ პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა, თუმცა პრემიერმინისტრის პოსტზე ფორმალურად 2009 წლის არჩევნებამდე რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სასამართლო პროცესი 2009 წელს დაიწყო, ბრალის დამტკიცების შემდეგ სასჯელის მოხდა ოლმერტმა მხოლოდ 2016 წლიდან დაიწყო.

 

კომენტარები