სირცხვილია

დიღმელაშვილი: სცენა ყველა ვარიანტში დაიდგმება, არაფერი იცვლება

მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, დღევანდელი აქციისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენა აუცილებლად დაიდგმება და ამ კუთხით არაფერი შეიცვლება.

დღეს, 3 აპრილს, სირცხვილიას წევრები საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე ტერიტორიაზე სცენის აწყობას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს და სცენის დასადგმელად ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს.

"სცენა ყველა ვარიანტში დაიდგმება აქ. საუბარი იყო იმაზე, რომ ვინაიდან მუსიკალური პროგრამა გვაქვს, მუსიკოსებისთვის კომფორტი შეგვექმნა, რომ ხმა დაეტესტათ და ა.შ. არაფერი არ იცვლება, ყველაფერი ისევე იქნება, უბრალოდ ეგ ბარიერი შეგვიქმნეს, რომ თუ 7ზე სცენა უკვე მზად უნდა ყოფილიყო, რისთვისაც 2-ზე უკვე აწყობილი უნდა ყოფილიყო და ხმა დაბალანსებულიყო, ეგ პროცესი გაგვიუქმეს.

იგრძნობოდა, რომ კონფრონტაციის მცდელობა იყო, რომ ვიღაც წყობიდან გამოსულიყო, იმიტომ, რომ ჩვენ აქამდეც გაგვიკეთებია, შევარდენის ქვეშაც გაგვიმართავს აქციები, დღეს 10 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა სურვილი [აქციაზე მოსვლის] Facebook-ზე და ველოდებით, რომ გზის სავალი ნაწილი ყველა ვარიანტში დაიკეტება. ანუ, უფლება გვაქვს იმისი, რომ სცენა გავმართოთ, როგორც აქამდე არაერთხელ გაგვიმართავს და არც ერთხელ პრობლემა არ შეგვქმნია. ნუ, სამწუხაროა, რომ ჩვენ უფლებებზე მეტად პოზნერის პრივილეგიები უფრო არის დაცვის ობიექტი ჩვენი ხელისუფლებისა და პოლიტიზირებული პოლიციის მხრიდან". – თქვა დიღმელაშვილმა ტაბულასთან საუბარში.

დღეს პარლამენტის წინ კომენდანტის საათისა და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი სირცხვილიაა, თუმცა მათ ასევე უერთდებიან მოძრაობები - დროა და სოცაფეთქება და პოლიტიკური პარტია გირჩი.

კომენტარები