კულტურის სამინისტრო

თანასწორობის მოძრაობა წულუკიანზე: პოლიტიკური ჰომოფობიის, სიძულვილის გავრცელებული პრაქტიკაა

თანასწორობის მოძრაობა პარლამენტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ჰომოფობიურ განცხადებას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წულუკიანის სიტყვები პოლიტიკური ჰომოფობიისა და სიძულვილის გავრცელებული პრაქტიკაა.

"ერთი და იმავე სქესის ადამიანების რომანტიკული ურთიერთობების, გამოწვევებითა და ბარიერებით აღსავსე ცხოვრების, საზოგადოებრივი წნეხისა თუ დისკრიმინაციული გარემოს აღწერის "პროპაგანდად" წარმოჩენა, პოლიტიკური ჰომოფობიისა და სიძულვილის გავრცელებული პრაქტიკაა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეა წულუკიანი ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილის და დისკრიმინაციულ ენას იყენებს. 2018 წელს ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში, თავისი, როგორც იუსტიციის მინისტრის, საქმიანობის კრიტიკას ტრანსფობიური კომენტარით უპასუხა – "…არასამთავრობო ორგანიზაციები მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანები, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად". – ნათქვამია განცხადებაში.

თანასწორობის მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჰომოფობიური დატვირთვის მქონე განცხადებების გაკეთება, კიდევ უფრო ამძიმებს ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას და ახალისებს ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებს.

"ლგბტქი ადამიანები ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და გარიყულ ჯგუფს წარმოადგენენ. სახელმწიფომ წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო თემის საჭიროებებსა და თანასწორობაზე დაფუძნებული ეფექტიანი პოლიტიკის გატარება, რის გამოც ლგბტქი ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან ძალადობას, დისკრიმინაციასა და უთანასწორო მოპყრობას. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჰომოფობიური დატვირთვის მქონე განცხადებების გაკეთება, კიდევ უფრო ამძიმებს ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას და ახალისებს ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებს". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

მოძრაობის ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ თეა წულუკიანმა და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე სხვა პირებმა, გაიაზრონ თავისი პოლიტიკური სტატუსი და საჯარო გამოსვლებისას/პოზიციონირებისას თავი შეიკავონ დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის გამოყენებისგან. 


იმედის ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, ექნებათ თუ არა მხარდაჭერა ისეთ ხელოვანებს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ კლიშეებს ანგრევენ და ამის მაგალითად იმედის ჟურნალისტმა ფილმი, "და ჩვენ ვიცეკვეთ (And Then We Danced)" მოიყვანა, წულუკიანმა უპასუხა, რომ ისეთ ფილმებს, რომლებიც მინისტრის გემოვნებაში არ ჯდება, შეიძლება არ ჰქონდეთ მინისტრის მხარდაჭერა.

"თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, იმიტომ, რომ მე ვარ ასევე არ დაგავიწყდეთ მაყურებელი. მეც მაქვს ჩემი გემოვნება, ცუდი თუ კარგი, როგორც ყველას, მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია, ეს ფილმი კონკრეტულად ფინანსდებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან". – თქვა წულუკიანმა

კომენტარები