საბანაძის გადადგომა

სერგეენკო საბანაძეზე: თუ ის გადადგა, რატომ არა სხვები – ამ შედარების გაკეთება გამიჭირდება

დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცესპიკერი დავით სერგეენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძის გადადგომას ეხმაურება. 

"ამ დილით გავიგე მედიიდან მისი გადადგომის შესახებ. მეტი დეტალები, სამწუხაროდ, არ ვიცი. აქ, ალბათ, მთავარი საკითხი არის ფარული მოსმენის თემა, რომელიც ასევე მედიაში გაჟღერდა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დეტალურად აიხსნას ეს ყველაფერი და საჭიროების შემთხვევაში გამოძიებულიც იქნას.  

რაც შეეხება კავშირს, თუკი ეს ადამიანი გადადგა, რატომ არ გადადგნენ სხვები, ამ შედარების გაკეთება გამიჭირდება. პირველ შემთხვევაზე, წინა შემთხვევაზე, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან ბევრი განმარტება გაკეთდა და აქ არცერთი. ალბათ, დრო დამჭირდება მეც, რომ შევაფასო". – ამბობს სერგეენკო. 

საბანაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს, 23 მარტს გამოაქვეყნა. მან თანამდებობა TV პირველისა და მთავარის ეთერებში გასული ჩანაწერების გამო დატოვა. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, კახა საბანაძე 20 ივნისის ღამით სამართალდამცველებს მოუწოდებდა, დაეზიანებინათ ხმის გადამცემი, რათა ოპოზიციურ ლიდერებს მომიტინგეებამდე ხმა ვერ მიეწვდინათ. 

როგორც საბანაძე წერს, ჩანაწერებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და თანამდებობას "საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით" ტოვებს. 

"ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით". – დაწერა მან.

კომენტარები