პროკურატურა

POG: კაცი რუსეთის მოქალაქეს მონურად ამუშავებდა, სისტემატურად სცემდა, რამაც სიკვდილი გამოიწვია

საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია ერთ პირს, ჯ.ნ.-ს ბრალი წარუდგინა.

შსს-ს გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა 2019 წელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ფერმაზე სამუშაოდ მიიწვია და საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა. მიუხედავად ამისა, სამუშაოდ მისულ ა.ფ.-ს ჯ.ნ.-მ პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად მოათავსა საქონლის სადგომში და "მონობის მსგავს მდგომარეობაში" ჩააყენა. გამოძიების თანახმად ბრალდებული ასევე ფიზიკურად ძალადობდა ა.ფ.-ზე.

გამოძიების თანახმად, 2021 წლის 10 თებერვალს ფიზიკურად ძალადობის შედეგად ა.ფ-მ ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ბრალდებულმა არ უზრუნველყო დაზარალებულისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, აგრძელებდა მასზე ძალადობას და აიძულებდა მუშაობას. მიღებული დაზიანებების შედეგად რუსეთის მოქალაქე ა.ფ 10 მარტს გარდაიცვალა.

ჯ.ნ 11 მარტს დააკავეს. მას ბრალი მას ბრალდება 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "დ" და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რამაც  დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, წარედგინა, რაც სასჯელის 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ჯ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

კომენტარები