ელექტროენერგიის ბაზარი

მიმოხილვა: იანვარში გამომუშავებული ელ. ენერგია წინა წელზე 22%-ით ნაკლებია

2021 წლის იანვარში, საქართველოს ენერგოსადგურებმა 808 მილიონი კილოვატი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 22%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ინფორმაციას ISET-PI ავრცელებს. ინსტიტუტის ცნობით, 2020 წლის იანვარში ჯამური გამომუშავება 1 031 მილიონ კილოვატს შეადგენდა. 

წლიურ ჭრილში 223 მლნ-კილოვატიანი შემცირება შემდეგი ტიპის ენერგოსადგურებზე მოდის: 

  • ჰიდროელექტროსადგურები – 2%-იანი კლება
  • თბოელექტროსადგურები – 38%-იანი კლება
  • ქარის ენერგოსადგურები – 36%-იანი კლება

2020 წლის დეკემბერთან შედარებით(930 მლნ კვტსთ), გამომუშავება, დაახლოებით, 13%-ითაა შემცირებული. თვიურ ჭრილში, ჰიდრო-, თბო- და ქარის ენერგოსადგურების გამომუშავება, შესაბამისად, 4%-ით, 29%-ით და 28% პროცენტითაა შემცირებული.

იანვარში, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 461 მილიონი კვტსთ შეადგინა და ჯამური გამომუშავების, 57%-ს გადააჭარბა. 461 მილიონი კილოვატიდან, 44% დიდ ჰესებზე მოდის, 47% – სეზონურ სადგურებზე, 10% კი – მცირეზე. 

რაც შეეხება მოხმარებას, იანვარში საქართველომ 1 182 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა თვესთან შედარებით 3%-იან კლებას ასახავს. ინსტიტუტის ინფორმაციით, იანვრის მოხმარება 374 მილიონი კილოვატით აღემატება ჯამურ გამომუშავებას, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ელექტროენერგიის დეფიციტი ჯამური გამომუშავების 46%-ს აღემატება.

2021 წლის იანვარში, ქვეყანამ 414 მილიონი კილოვატი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 200 მილიონით მეტია. მთლიანი იმპორტის 63% რუსეთიდან შემოვიდა, 37% კი – აზერბაიჯანიდან.

ესკოს მონაცემებით, 2012 წელს, ელექტროენერგიის იმპორტი 614 მლნ კილოვატს შეადგენდა, 2020 წლისთვის კი ჯამური იმპორტი 1610 მილიონამდეა გაზრდილი.

"ელექტროენერგიაში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ იმპორტის მოცულობა აღარ გაიზარდოს, თუ ჩვენ მოხმარებას იმპორტზე ავაგებთ, ეს საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ დეფიციტი გვექნება და ელექტროენერგია იქნება ძვირი, რაც ინდუსტრიისთვისაც და მოსახლეობისთვისაც მიუღებელი იქნება. თუ ჩვენ გვინდა ეკონომიკის განვითარება, გამომდინარე ჩვენი რეგიონალური მდებარეობიდან, ელექტროენერგიის სექტორში სიმძლავრეები აუცილებლად უნდა გავზარდოთ". - ამბობს ეკონომისტი არჩილ მამათელაშვილი ტაბულასთან საუბრისას.

კომენტარები