სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი მელიას დაჭერაზე: არც დრო და არც ფორმა იყო საუკეთესო, მაგრამ ამას მე არ ვწყვეტ

"არც დრო და არც ფორმა იყო საუკეთესო, მაგრამ ამას მე არ ვწყვეტ”. – უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, გმობდა თუ არა ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეჭრასა და ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაჭერას. 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის ინტერვიუში ისაუბრა.

ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებულ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „არ ვაპირებ მთავრობას ბრძანება მივცე, განსაკუთრებით BBC-ის ეთერიდან”.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მას მხოლოდ შეუძლია, მხარეებს მოუწოდოს მოლაპარაკებებისკენ და კომპრომისების ძიებისკენ, განსაკუთრებით ხელისუფლებას, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია. 

"არც დრო და არც ფორმა იყო საუკეთესო, მაგრამ ამას მე არ ვწყვეტ, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩვენ ახლა უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა ვიპოვოთ კომპრომისები, რადგან ეს არის გზა საქართველოსთვის, ქართველი საზოგადოებისთვის და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. მე ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მმართველ ხელისუფლებას, რადგან მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რათა თავიდან აიცილონ, ის რასაც ოპოზიცია პროკოვაციებით ცდილობს". – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი შეეხო საერთშორისო გამოხმაურებასაც და კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ილვისის განცხადებაზე, რომელშიც ის საქართველოს ამჟამინდელ  მდგომაროებას “ამაზრზენად” მოიხსენიებს, სალომე ზურაბიშილმა უპასუხა:   "ეს არის რეაქცია პირისა, რომელიც აღარ არის  პოლიტიკაში, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან  გადაჭარბებული, ზრდილობიანად რომ ვთქვა".

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა აშშ-ს საელჩოს, სენატისა და კონგრესის გამოხმაურებებზე და თქვა, რომ მართალია, საქართველოში კრიზისია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის ავტორიტარულ სახელმწიფოდ ქცევას. ამის დასტურად კი შარლ მიშელის ვიზიტი მოჰყავს.

“ევროკავშირი დაბრუნდა და, ჩემი აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად კრიზისისა, ევროკავშირი თვლის, რომ საქართველო რეგიონში რჩება ყველაზე დემოკრატიულ, ყველაზე განვითარებულ, ყველაზე სტაბილურ ქვეყანად, რომელიც მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას”. – ამბობს სალომე ზურაბიშვილი

ამასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ, ნატო და ევროკავშირი დღეს კიდე უფრო ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას, ხოლო საჯარო კამპანიები ცდილობენ ამის დაფარვას.

“საჯარო კამპანია, რომელიც, ცხადია, არის  ორკესტრირებული,  იმ დროს შემოვიდა,  როდესაც გზა ნატოსკენ ახალ ადმინისტრაციასთან ერთად გაიხსნა და გზა ევროკავშირისკენ არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს”. – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილს ასევე დაუსვეს კითხვა მის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიშა სააკაშვილს  ბრალს სდებს რუსეთთან ომის დაწყებაში. ამასთან დაკავშირებით  ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ყველა  ომში ინიციატორი იყო რუსეთი, თუმცა მეორე საკითხია ლიდერის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

“როდესაც იკარგება ტერიტორიების 20% და დღესაც ოკუპირებულია, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ნებისმიერი პრეზიდენტი, ნებისმიერ პასუხისმგებელ პირს მოუწევდა კითხვების გაცემა. ეს არ მოხდა საქართველოში და ეს არის სამწუხარო”. – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

 

კომენტარები