მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანე: ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება

ფიზიკური დაპირისპირება პროვოცირებული იყო იმ ხალხისგან, ვინც აქ დგას. მე ყველა კითხვა ჩავიწერე, მაგრამ მღვდლებმა, რომლებმაც ეს ხალხი აქ მოიყვანეს, ატეხეს ხმაური და არ მომცეს საშუალება, პასუხი გამეცა. ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება და ძალიან დიდი პრობლემა. ესაა დაგეგმილი პროვოკაცია, მე ეპარქიას არ დავტოვებ...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე. კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის დროს მომხდარი შეხლა-შემოხლისას მარტვილის ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩატყდა და ჟურნალისტები გადმოცვივდნენ.  ტვ პირველის ინფორმაციით, დაშავდა მათი ოპერატორი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, დაშავდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას და POST TV-ის წარმომადგენლებიც.

კომენტარები