ჩანაწერები

ხვიჩია: ეს ჩანაწერები მოლაპარაკებების ჩასაშლელად გავრცელდა, ამის უარყოფა შეუძლებელია

ტაბულა

გირჩის ლიდერის იაგო ხვიჩიას აზრით, TV პირველის ეთერში გასული  აუდიოჩანაწერი მოლაპარაკებების ჩასაშლელად გავრცელდა. 

"მე ვუშვებ იმას, რომ ეს ჩანაწერები საჯარო სივრცეში მოხვდა სწორედ იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ამის უარყოფა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ზუსტად ისე, როგორც ქართული ოცნება შლიდა მოლაპარაკებებს, მაგალითად, ნიკა მელიას დაჭერით, ასევე შეიძლება ამას აკეთებდეს ვიღაც". - ამბობს ხვიჩია. 

TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.  

შეაგინე ბერას – ამ სახელწოდებით 7 მარტს, 18:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 


პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, განსაკუთრებით გაამწვავა, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და, მეორე მხრივ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. ამ უკანასკნელის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კრიზისის ირგვლივ გააქტიურდა და მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. 

მარტის დასაწყისში თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობით. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველი მცდელობა იყო. 

ქართულ ოცნებას 2 კვირა აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციის პირობებზე შემხვედრი წინადადებები წარადგინოს. ოპოზიციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია". 

კომენტარები