ჩანაწერები

DI ჩანაწერებზე: ინფორმაცია შესაძლო მძიმე დანაშაულზე გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველია

TV პირველი

ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსი-საქართველო ეხმაურება ტელეკომპანია პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებს. ორგანიზაცია მიიჩნევს რომ, შესაძლო მძიმე დანაშაულის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის არა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, არამედ გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველი. განცხადებაში ვკითხულობთ:

აუდიოჩანაწერებიდან გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო მძიმე დანაშაულის მონაწილენი არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის მოქმედი პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. მით უფრო მწვავე ხდება სიტუაცია, როდესაც სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა იყოს არასრულწლოვანი პირი.

რამდენადაც დიალოგი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, პირველ რიგში, ამ დანაშულის გამოძიება ხდება პრიორიტეტი და არა იმ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა, რომლითაც სავარაუდო დანაშაული მჟღავნდება. აღნიშნული განპირობებულია დანაშაულის გამოვლენის აღმატებული საჯარო ინტერესით და მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულში, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირები იმხილებიან. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კანონმდებლობით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, თუ ის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს და იგი გამოძიების ორგანოს გადაეცემა, პასუხისმგებლობის საფუძველს აღარ წარმოადგენს. ამდენად, კერძო საიდუმლოების დარღვევა, როგორც დანაშაული, აღარ არსებობს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს აღნიშნული დიალოგების ნამდვილობა, ხოლო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დადგეს, თუ "ყოველმხრივი და სანდო გამოძიებით დადასტურდა  გავრცელებული დიალოგის ფაბრიკაცია".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის მედიაში გავრცელება ნათელს ხდის მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებული სახელმწიფოს უუნარობას.

"სახელმწიფო სუსტია, დაიცვას პირი დანაშაულის შეტყობინების შემთხვევაში მოსალოდნელი ანგარიშსწორებისგან - ინფორმაციის წყარომ გამოძიების ნაცვლად მასალა მედიასაშუალებებს გადასცა." - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პრკურატურას:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაუყოვნებლივ დაადგინოს კომუნიკაციის ავთენტურობის ხარისხი, მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით.
  • გამოძიება ჩაატაროს ყოველმხრივ, ობიექტურად და დროულად.
  • გამოძიების მიმდინარეობისას დაიცვას ყველა ის ზომა, რამაც უნდა უზრუნველყოს აღნიშნული გამოძიების მიმართ საზოგადოების ნდობა.
  • გამოკვეთოს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევაში თუ, დადგინდება აუდიო ჩანაწერების ფაბრიკაციის ფაქტი.

ორგანიზაცია განმეორებით მოუწოდებს პარლამენტს:

  • ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მოწმეთა დაცვისა და მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი.

TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლეზე ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.  

შეაგინე ბერას – ამ სახელწოდებით 7 მარტს, 18:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 

კომენტარები