ჩანაწერები

რაჭველიშვილი: ბერას კრიტიკის შემდეგ ჩემს მულს ვიღაც ბიჭი მანქანაში შეუვარდა და აშინებდა

ანიტა რაჭველიშვილი თავისუფლების მარშზე
ტაბულა

საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის თქმით, ბერა ივანიშვილზე კრიტიკული სტატუსის დაწერიდან მეორე დღეს მის ოჯახის წევრს თავს დაესხნენ. 

"ჩემი მული, რომელიც ჩემი მანქანით მოძრაობდა, შუქნიშანთან გაჩერდა და ელოდებოდა წითელზე, შეუვარდა ვიღაც ბიჭი, დაუწყო ყვირილი, იგინებოდა, გაურკვეველ რაღაცებს აკეთებდა, აშინებდა". – ამბობს რაჭველიშვილი ტვ.პირველთან საუბარში და აღნიშნავს, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა, თუმცა, რეაგირება არ მოუხდენია და "დაინახა თუ არა რაც ხდებოდა, უბრალოდ დაიძრნენ და წავიდნენ ადგილიდან". 

ამის შესახებ რაჭველიშვილმა 2019 წლის ნოემბერში Facebook-ზე დაწერა და მაშინვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა როგორც მომღერალი ამბობს, მას დღემდე არავინ დაკავშირებია

"ჩვენ მივმართეთ დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებას, საჩივარი დავწერეთ ამ შემთხვევაზე, იმიტომ, რომ იქ დგას კამერები და მოვითხოვეთ, რომ შესაბამისად გამოძიებული ყოფილიყო. ჩვენება მისცა ჩემმა მულმა, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე, როგორც თქვენ არ გაგიგიათ არაფერი მათგან, ასევე ჩვენ არ გაგვიგია". – ამბობს რაჭველიშვილი. 

2020 წლის 20 ივნისის შემდეგ ანიტა რაჭველიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებს შეუერთდა. 

მან გააკრიტიკა ბერა ივანიშვილი, რომელმაც ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა, რაშიც, მისი თქმით, შედიოდა როგორც მისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები", ისევე ოჯახის წვლილიც. რაჭველიშვილის კრიტიკას არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლა მოჰყვა, რომელმაც ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უსურვა, შემდეგ კი კომენტარის მიზანი იმით განმარტა, რომ მეცო სოპრანო "ზღვარს გადასვლას" მიმხვდარიყო


TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლეზე ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.  

შეაგინე ბერას – ამ სახელწოდებით 7 მარტს, 18:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 

კომენტარები