ვადამდელი არჩევნები

ზალკალიანი: თუ ადრეული არჩევნები იქნება წინაპირობა, რა თქმა უნდა, ეს ჩიხია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"თუ ადრეული არჩევნები იქნება წინაპირობა, რა თქმა უნდა, ეს ჩიხია". – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი იმედის ეთერში.  

"თუკი ეს იქნება წინაპირობად და რასაც ოპოზიცია ცდილობს, რომ წინაპირობა დააყენოს, თუ არ იქნება რაღაც ადრეული არჩევნები, რა თქმა უნდა, ეს ჩიხია. როდესაც პასუხისმგებლიანი მომლაპარაკებელი მხარე ხარ, ჯერ, თუკი გინდა შეთანხმება, ჯერ უნდა დაიწყო იმ თემით, რაც შესაძლებელია, რომ შეთანხმდეს". – ამბობს ზალკალიანი.  

შარლ მიშელის მიერ ოპოზიციისა და ქართული ოცნებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში ერთ-ერთი პოტენციური ვადამდელი არჩევნებია. 

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა გუშინ, 1 მარტს შარლ მიშელთან და ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ვადამდელი არჩევნების საკითხზე დასმულ კითხვას არ უპასუხა, დღეს, 2 მარტს კი ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეს "წითელი ხაზია, საკითხი არ განიხილება".


შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გუშინ, 1 მარტს გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებასა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა.  

ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში:

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

2. ​კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • საგამოძიებო კომისია

  • პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში.

კომენტარები