არჩევნები 2020

დასავლეთის გვიანი გამოღვიძება

არჩევნები 2020

დასავლეთის გვიანი გამოღვიძება

დასავლეთის გამოხმაურებას ნიკა მელიას დაპატიმრებაზე უბრალოდ „კრიტიკული“ აღარ ჰქვია. ივანიშვილის ხელისუფლების კრიტიკა მისგან ადრეც ბევრი გვახსოვს: რაც ამ დღეებში მოვისმინეთ, განგაშის ზარები შეიძლება ვუწოდოთ.

დასავლეთის პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან ვისმენდით: ვკარგავთ საქართველოს, როგორც პარტნიორს; არის ნიშნები, რომ საქართველო რუსეთისა და ბელარუსის გზას ადგება. გამოითქმებოდა აზრი, რაც ქართულ ოპოზიციას თავიდანვე ჰქონდა და მანამდე პოლიტიკურად მოტივირებულ გაზვიადებად მიიჩნეოდა: „ქართული ოცნება“ საქართველოს დასავლეთს აშორებს და რუსეთის ორბიტას აახლოებს.

ეს შეფასება არ გულისხმობს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება რუსეთიდან მიღებული ინსტუქციებით ხელმძღვანელობენ. ვერც ამას გამოვრიცხავთ, მაგრამ სარწმუნო საბუთები არ გაგვაჩნია, მარჩიელობას კი აზრი არა აქვს. მთავარი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიული დასავლეთის ღირებულებები უცხო და გაუგებარია, მისი ხედვა და ქცევა რუსულ გამოცდილებასა და აზროვნების წესს ემყარება.

დღევანდელი გადმოსახედიდან უცნაურად ჩანს, რატომ დასჭირდათ დასავლეთის პოლიტიკოსებს და ანალიტიკოსებს ამდენი დრო, რომ უფრო ადეკვატურად შეეფასებინათ ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეები. მაგრამ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, ხალხი, ვინც დასავლეთის განწყობას განსაზღვრავს, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობასაც ეყრდნობოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანების აზრი, ვინც, საქართველოს შიგნითაც და დასავლეთის თვალშიც, ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებათა დაცვასთანაა ასოცირებული. მათ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება ვუწოდოთ: ეს არ გულისხმობს მხოლოდ დასავლეთის მხარდაჭერილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა ამ უკანასკნელთა შეფასებებიც გავლენიანი იყო. 2012 წლის ამ სოციალური წრის ნაწილი ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ თანაუგრძნობდა, მაგრამ უმრავლესობა ე.წ. „შუაშისტურ“ პოზიციასა და „ოცნების“ მხარდაჭერას შორის მერყეობდა. ამ განწყობას იზიარებდა დასავლელი მკვლევრების უმრავლესობაც, ვინც დასავლეთში საქართველოს ექსპერტად ითვლება.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა ზოგი ისეთი ფიგურა, ვისი ერთგულება დასავლური ლიბერალური ღირებულებისადმი ეჭვს არ იწვევდა. ამ ადამიანებს ძალზე მცირე გავლენა ჰქონდათ ხელისუფლების შიდა პოლიტიკაზე; სამაგიეროდ, მათ მთლიანად ჩააბარეს დასავლეთთან ურთიერთობის მიმართულება. მათთან ურთიერთობის წყალობით დასავლეთის წარმომადგენლებს უჩნდებოდათ რწმენა: საქართველოს ხელისუფლება, შესაძლოა, იდეალური არ იყოს, მაგრამ მთლიანობაში საქმეები სწორი მიმართულებით მიდის.

2016 წლიდან ოცნების ხელისუფლების ფსევდოკოალიციურობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ, სანამ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერად რჩებოდა და მისი ქვოტით გასული დეპუტატები რაღაც გავლენას ინარჩუნებდნენ იმ ნაწილში, რაც დასავლეთის მიმართ პოლიტიკას ეხებოდა, წარმოდგენა საქართველოზე, როგორც ჯამში წარმატებულ შემთხვევაზე, ძალაში რჩებოდა.

მეორე ფაქტორი ის იყო, რომ დასავლეთი საქართველოს რეგიონულ ჭრილში განიხილავდა. საქართველოსადმი დამოკიდებულებას დიდწილად განსაზღვრავდა მისი შედარებითი წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ფასდებოდა. საქართველოს უფრო დაბალ საზომს უყენებდნენ, ვიდრე დასავლურ დემოკრატიებს - თუმცა, ხშირად იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოსგან რა უნდა გვიკვირდეს, როცა არც დასავლურ დემოკრატიებშია საქმე მთლად კარგად. ამ დაბალ საზომთან მიმართებაში, ქართული დემოკრატიის განვითარების ტრაექტორია დამაკმაყოფილებლად მიიჩნეოდა.

დაბოლოს, ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდა სააკაშვილის ფაქტორი. ამის მიზეზია არამხოლოდ წარმოდგენა მისი ხელისუფლების ავტორიტარულ ბუნებაზე (2012 ხელისუფლების მშვიდობიანმა გადაცემამ ეს წარმოდგენა ნაწილობრივ მაინც გააქარწყლა), არამედ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ამის შემდეგ, როგორც უკრაინაში, ისე (დისტანციურად) საქართველოში. მან არამყარი, უპასუხისმგებლო, ავანტიურებზე ორიენტირებული პოლიტიკოსის სახელი შეიძინა, რომელსაც ხელისუფლების რევოლუციური ცვლილების იდეა აქვს აკვიატებული და სახელმწიფო ინტერესებს (იქნება ეს უკრაინა თუ საქართველო) უკანა პლანზე აყენებს საკუთარი ძალაუფლების ინტერესებთან შედარებით. მისი მომხრეები, ცხადია, არ დაეთანხმებიან ამ შეფასებას, მაგრამ თუნდაც ის უსამართლოდ ჩავთვალოთ, ფაქტად რჩება, რომ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილს ძირითადად ასე უყურებენ. რამდენადაც სააკაშვილის პარტია მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება, მის მიმართ დამოკიდებულება, რაღაც ზომით, მთლიანად ქართული ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულებაზეც აისახებოდა.

„ოცნების“ ხელისუფლების ავტორიტარული ბუნება მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან გახდა ცხადი - კონკრეტულად იმ მომენტიდან, როდესაც, არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა მოსთხოვა. თავიდანვე დაიწყო ფიზიკური ძალადობა და შერჩევითი სამართლის გამოყენება ოპოზიციის წინააღმდეგ; მიდგომა, რომ არსებული ოპოზიცია უნდა გაანადგურო და არამხოლოდ დაამარცხო, შემდეგ კი ხელისუფლებისთვის კომფორტული ფსევდოოპოზიციით ჩაანაცვლო, ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე დააანონსა. ადრევე გამოჩნდა სასამართლოსა და მედიის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევის მცდელობები. ამის გამო დასავლეთიდან იმთავითვე ისმოდა კრიტიკა, ხანდახან საკმაოდ მწვავეც. თუმცა, ზემოთაღწერილი ფაქტორების გამო, ილუზიას, რომ მთლიანობაში საქართველო სწორი გზით მიდის, ქართული დემოკრატიის ბევრი დასავლელი მეგობარი იზიარებდა.

დღეს ეს ილუზია არსებითად გაქარწყლებულია. მაგრამ ამის გამო საქართველოზე ხელი არ ჩაუქნევიათ. შარლ მიშელის ვიზიტი იმის დასტური იყო, რომ სიტუაცია საგანგაშოა, მაგრამ არა უიმედო, ოღონდ საქართველოს „სასწრაფო დახმარება“ სჭირდება. როგორც ევროკავშირს სჩვევია, მიშელმა ეზოთერული ტერმინოლოგია გამოიყენა: „ფასილიტაცია უნდა შეიცვალოს მედიაციით“. ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი გაცილებით უფრო აქტიურად და უფრო დიდი რესურსებით უნდა ჩაერთოს საქართველოს შიდა კრიზისის მოგვარებაში. ამას ძნელია, არ მივესალმოთ, რადგან სერიოზულად ზრდის იმის შანსს, რომ მიმდინარე კრიზისიდან გამოსვლა სრულფასოვანი ავტორიტარიზმის დამყარების გზით არ მოხდება.

 მაგრამ ეს მოლოდინი არ უნდა გახდეს ახალი ილუზიის საფუძველი: რაკი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი „გაშიშვლებულია“, რაკი მისი დემოკრატიულობისა აღარავის სჯერა, ის, მხოლოდ ამის გამო, ავტომატურად განწირულია. კრიტიკულ მომენტში დასავლეთის ჩართვამ შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს - როგორც ახლა გვაქვს ამის იმედი. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, დასავლეთის ზეწოლა საკმარისი ვერ იქნება. ბანალურია, მაგრამ სიმართლეა: რაც მნიშვნელოვანი მოკავშირეც არ უნდა იყოს დასავლეთი, ქართული დემოკრატიის ბედი საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის ხელშია.

კომენტარები