ნიკა მელიას დაკავება

The Washington Post: საქართველოს დემოკრატიამ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან

AP

The Washington Post-ის სარედაქციო საბჭომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით "რუსეთის ერთ-ერთ მეზობელთან დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია". სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

15 წელიწადზე მეტია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა – საქართველო კოჭლობით, მაგრამ მტკიცედ მიიწევდა დემოკრატიისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ, რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად. 

ახლა მან დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. 

სამშაბათს, წამყვანი ოპოზიციური პარტიის შტაბში, თბილისში პოლიციამ რეიდი მოაწყო და მისი ლიდერი, ნიკა მელია დააკავა. ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კონფლიქტის კულმინაცია, რამაც ქართული პოლიტიკური სისტემა კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა და საფრთხე შეუქმნა მის დასავლეთთან პარტნიორობას. მოვლენების ასეთი განვითარება ვლადიმირ პუტინის გარდა არავის აწყობს. 

ვაშინგტონში, ზოგიერთმა სწრაფად დაადანაშაულა ქართული ოცნება, პარტია, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს. ექსცენტრული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პარტიამ გააგრძელა ევროკავშირისკენ და NATO-სკენ სვლა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პარალელურად, რომელიც ქვეყანას თავს 2008 წელს დაესხა და ორი რეგიონი კვლავინდებურად ოკუპირებული აქვს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც მჭიდრო კავშირი განავითარა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როდესაც ხელისუფლებაში იყო 2000-იან წლებში, აქტიურად ითხოვს შეერთებული შტატების დახმარებას და ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ქვეყანას ავტოკრატიისკენ და მოსკოვის ორბიტისკენ აბრუნებს. 

მელიას დაპატიმრება სადავო სამართლებრივი საფუძვლით ნამდვილად გაუმართლებელი და პროვოკაციული იყო - იმდენად, რომ ქართული ოცნების პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ოპერაციაზე პასუხისმგებლობა არ აიღო და გადადგა.

მაგრამ ოპოზიციის ერთგულება დემოკრატიის პრინციპების მიმართ ასევე მყიფეა. მას შემდეგ, რაც ფართოდ ნაქებ საარჩევნო რეფორმაზე მოილაპარაკა გასულ წელს, ენმ-მა უარი თქვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომელიც, როგორც კვლევებიც წინასწარმეტყველებდა, ხელისუფლებამ მოიგო. მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, რაც არ გაუზიარებია საერთაშორისო დამკვირვებელთა არაერთ გუნდს, რომლებმაც მიუთითეს დარღვევებზე, მაგრამ შედეგები ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. 

თავად მელიას, ბრალდება რომ სათავეში ედგა პარლამენტის შტურმის მცდელობას, 2019 წელს. ის ამ საქმესთან მიმართებით დააკავეს, გირაოს გადახდაზე უარის გამო. არჩევნებიდან მოყოლებული, ის ხელმძღვანელობდა ენმ-ის საპარლამენტო ბოიკოტს და უგულებელყოფდა ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მოწოდებებს. კომპრომისს ეწინააღმდეგება ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავად უკრაინაში ცხოვრობს, მაგრამ ქართველებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. 

სააკაშვილი სათავეში ედგა რევოლუციას ავტოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ 2003 წელს, მაგრამ ახლა ეს არ არის ქართული კრიზისიდან გამოსავლის საუკეთესო გზა. ამის ნაცვლად, ოპოზიცია და ქართული ოცნება უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც შეერთებული შტატების და ევროკავშირის შუამდგომლობით იმართება. ხელისუფლებამ სწრაფად უნდა გაათავისუფლოს მელია და გიორგი რურუა, ოპოზიციური ტელეარხის მფლობელი; ენმ-მ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ის ადგილები უნდა დაიკავონ, რომელიც გასული შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს. თუ საქართველოს სურს დასავლურ დემოკრატიად შედგეს, კიდევ ერთი ევრაზიული ავტოკრატიის ნაცვლად, პოლიტიკურმა პარტიებმა კომპრომისის, შემწყნარებლობის და ძალაუფლების გაყოფის გზით უნდა იარონ.

კომენტარები