ოპოზიციის გეგმები

ხაზარაძე: ულტიმატუმი და ვადის დაწესება ხალხს აზარალებს, ქალაქის პარალიზებას არ ვემხრობით

მამუკა ხაზარაძე

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება ქუჩების გადაკეტვისა და სამთავრობო უწყებების პიკეტირების ოპოზიციის ერთიან გეგმას და აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლებასთან ულტიმატუმების ენით საუბარი, რადგან "ნებისმიერი ულტიმატუმი და ვადის დაწესება, როდესაც ასეთი რთული პროცესი მიდის, აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს".

"ლელო არ დაუჭერს მხარს ისეთ ქმედებებს, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო უწყებები ან მოძრაობა ქალაქში დაძაბოს და პარალიზება მოახდინოს, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავამთავროთ ულტიმატუმების ენით საუბარი, ერთადერთ გზად მიმაჩნია დიალოგი. მე ვფიქრობ, რომ ოცნებაში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც უახლოეს ხანში, ჩვენს უცხოელ მეგობრებთან ერთად, გააგრძელებენ ე.წ. მეხუთე რაუნდს და ჩვენ გამოსავალს ვნახავთ ყველა ერთად შექმნილი ძალიან მძიმე სიტუაციიდან".- ეუბნება მამუკა ხაზარაძე ტვ.პირველს.

ხაზარაძე ასევე აღნიშნავს, რომ აქციები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, თუმცა "ლელოს პოზიცია ასეთია, რომ ეს აქციები უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი და კონსტიტუციის ფარგლებში".

26 თებერვალს დედაქალაქში ჩატარდა მასშტაბური საპროტესტო აქცია, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმა და ერთიანი განცხადება გააცნეს. განცხადების თანახმად, ოპოზიციის მოთხოვნები კვლავ ახალი საარჩევნო სისტემით ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, ისინი 2 მარტს პარლამენტის შენობის, 5 მარტს კი კანცელარიის პიკეტირებას გეგმავენ.

9 მარტს ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან , 11 მარტს კი - სასამართლოს შენობასთან.

13 მარტს მასშტაბური აქცია-მსვლელობა გაიმართება პარლამენტის შენობასთან. ოპოზიციის გეგმებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.

კომენტარები