ვაქცინაცია

გაბუნია: ვაქცინის ჩამოტანის დროს აღარ დავასახელებ, ვიდრე ავიაბილეთის თარიღი არ მექნება

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ღამის კურიერის ეთერში თქვა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თარიღს აღარ დაასახელებს, სანამ არ გახდება ცნობილი რეისის თარიღი, რომლითაც ვაქცინას ქვეყანაში შემოიტანენ.

"როდის იქნება, კონკრეტული თარიღი, ამასთან დაკავშირებით მიდის ისევ კონსულტაციები. მე დღეს ამას აღარ დავასახელებ, ვიდრე არ მექნება კონკრეტულად ავიაბილეთის თარიღი, რითაც ჩამოვა ეს ტვირთი აქ. ძალიან რთულია და მესმის, რომ საზოგადოებისთვის დაბნეულობასაც იწვევს ეს გადავადებების დაანონსება."

მან ასევე თქვა, რომ ვადის გადაწევა გამოწვეულია ვაქცინის წარმოებაში შექმნილი შეფერხებებით და კოვაქსის პლატფორმასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს ჰპირდებიან, რომ გადავადება ხანმოკლე იქნება:

"ჩვენთვის დღეს მთავარი პარტნიორი ვაქცინის მოწოდებისთვის არის კოვაქსის პლატფორმა. იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც კოვაქსის პლატფორმა ჩვენთან თანამშრომლობს, მაქსიმალური მცდელობის პირობებში, პირველი გარანტირებული განცხადება იყო თებერვლის ბოლო, თუმცა მწარმოებლის შეფერხებიდან გამომდინარე, ამ ვადამ გადაიწია, რაც არ არის ჩვენი კონკრეტული პრობლემა. ეს პრობლემა არის ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც მსგავს სიტუაციაშია, სამწუხაროდ, კოვაქსთან თანამშრომლობის ფარგლებში. მაგრამ, გვპირდებიან, რომ გადავადება იქნება ხანმოკლე და ჩვენ შეპირებულ 30 000 დოზას, რაც ვაქცინაციის დაწყების საშუალებას მოგვცემს, მივიღებთ ძალიან მალე."

24 თებერვალს გაბუნიამ თქვა, რომ კვირის ბოლომდე შედგებოდა კონსულტაცია Pfizer-ის, კოვაქსის და საქართველოს მხარის მონაწილეობით, სადაც ცნობილი გახდებოდა ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას. 

ქვეყანას თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა უნდა მიეღო, თუმცა, როგორც გაბუნია ამბობს, დამატებითი მოთხოვნების გამო მოწოდება გადავადდა.

21 თებერვალს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ  ვაქცინაციის დაწყებას 1-2 კვირით დაგვიანდება. 

22 თებერვალს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოში პირველი ვაქცინა მარტის დასაწყისში შემოვა. მისივე თქმით, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოსახლეობის 60% აიცრება. 

ვრცლად, მოსახლეობის რამდენი პროცენტის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი წლის ბოლომდე, წაიკითხეთ - აქ

კომენტარები