TikTok

TikTok-ი სარჩელის დასაკმაყოფილებლად $92 მილიონს გადაიხდის

ფოტო: thestar.com

ჩინური კომპანია ByteDance-ი თანახმაა 92 მილიონი დოლარი გადაიხადოს სასამართლო სარჩელის დასაკმაყოფილებლად, რომელშიც გასართობ აპლიკაცია TikTok-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკის დარღვევასა და მომხმარებლების პირადი ინფორმაციის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებენ. 

TikTok-ის წინააღმდეგ სასამართლო დავების სერია, წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს და ის მოიცავს ათეულობით სარჩელს, რომლებშიც მომხმარებლები TikTok-ს არაერთ სამართლებრივ დარღვევაში ადანაშაულებენ, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის ჩინეთის კომუნისტური მთავრობისათვის გადაცემაში.

შეთანხმების ამჟამინდელი პირობების თანახმად, აპლიკაცია მომხმარებლების ნებართვის გარეშე ვეღარ მიიღებს პერსონალურ ინფორმაციას, გარდა ამისა, TikTok-ს აეკრძალება GPS-ის საშუალებით ლოკაციის დადგენა და თვალთვალი. 

ექსპერტების თქმით, ეს შემთხვევა 2020 წელს მომხდარ Facebook-ის სკანდალს ჰგავს, რომლის მოსაგვარებლადაც კომპანიას 650 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია. იმ შემთხვევაშიც, საკითხი კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და პირადი ინფორმაციის უნებართვოდ მითვისებას ეხებოდა.
 

კომენტარები