ნიკა მელიას დაკავება

ვოლსკი: პავილიონისი ნაცმოძრაობის პიროვნული მეგობარია, ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებს

"ნაცმოძრაობის პიროვნული მეგობარი" - ასე აფასებს ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი გია ვოლსკი ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის კრიტიკას. 

"ის აკეთებს არამხოლოდ პოლიტიკურად არაკორექტულ, არამედ ანგაჟირებულ განცხადებებს, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმიდან არის ნათქვამი" - ამბობს ვოლსკი.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, "ეს იყო ძალიან კრიტიკული და აღწერს იმ ვითარებას, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ევროპელ მეგობრებს კიდევ ერთხელ უნდა მივაქცევინოთ ყურადღება გარემოებებზე, რამაც ეს საკრიტიკო სიტუაცია შექმნა".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები