ნიკა მელიას დაკავება

NGO-ები მელიას დაკავებაზე: მთავრობამ დააზარალა ქვეყნის რეპუტაცია, ცალსახად ესკალაციის გზაზეა

interpressnews

"ვგმობთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს". – ასე ეხმაურება 21 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში საპოლიციო ძალების შესვლასა და ნიკა მელიას დაკავებას.

"მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას სარჩელის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია". – ნათქვამია განცხადებაში.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა, დღეს კი სრულიად ჩიხშია შესული.

"მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადეკვატური გადაწყვეტილების მოლოდინი.

შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია შევაჩეროთ საზოგადოების კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია და არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება. მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ. დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს". – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TIG, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, საზოგადოება და ბანკები, მედიის განვითარების ფონდი - MDF, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - GFSIS, საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS, ღია საზოგადოების ფონდი - OSGF, ცენტრი “ემპათია”, საფარი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC, საქართველოს გაეროს ასოციაცია - UNAG, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მწვანე ალტერნატივა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - DRI, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი - IDSD.

სამართალდამცველები ენმ-ის ოფისში შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, სპეცოპერაციისას გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.

კომენტარები