ახალი კორონავირუსი

რუანდამ ვაქცინაცია დაიწყო – Reuters

რუანდაში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუანდის მთავრობაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს

პირველები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ სამედიცინო პერსონალი იქნება. ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც მთავრობას ხელახლა მოუწია მკაცრი შემზღუდავი ზომების მიღება, მათ შორის ჩაკეტილია ქვეყნის დედაქალაქი, კიგალი. 

რუანდის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინის დოზები "საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შეზღდული რაოდენობით მიიღეს." რუანდა თებერვალ-მარტში Astarazeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 996 000 და 102 000 Pfizer-ის ვაქცინის დოზას ელოდება. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დოზებით დაიწყება ვაქცინაციის მეორე ეტაპი. 

ასევე, ცნობილია, რომ აღნიშნული ვაქცინის რაოდენობა რუანდამ Covax პლატფორმის მეშვეობით შეიძინა. რუანდის ჯანდაცვის მინისტრის, დანიელ ნგამიჯეს თქმით, ქვეყანა სრულ მზადყოფნაში აქვს ინფრასტრუქტურა მათ შორის, ე.წ. ცივი ჯაჭვი მასობრივი ვაქცინაციის დასაწყებად. 

პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე რუანდაში ახალი კორონავირუსის 14 447 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 236 პაციენტი. ქვეყნის მთავრობა მიმდინარე წელს მოსახლეობის 20%-ს აცრას გეგმავს. 

მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზებს თებერვალში მიიღებს საქართველოც. მთავრობის განცხადებით, პირველად საქართველოში 30 000-მდე Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინა შემოვა. ამასთანავე, ცნობილია, რომ მთავრობამ Astrazeneca-სგან პირდაპირი, ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად 150 000 ვაქცინის დოზა შეიძინა. დამატებით Covax-ის პლატფორმის მეშვეობით საქართველომ იმავე მწარმოებლისგან 184 000 დოზას მიიღებს. 

გასულ თვეში საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს მოსახლეობის 60%-ს აცრა იგეგმება. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი მწარმოებლისგან რა რაოდენობისა და ღირებულების ვაქცინას შეიძენს ქვეყანა ჯერჯერობით დაუზუსტებელია პროგრამის ბიუჯეტი და იგი 54 მილიონი ლარიდან 158 მილიონ ლარამდე მერყეობს. 

 

კომენტარები